გიორგი გახარია - კლუბები გაიხსნება მაშინ, როცა ყველა საგამოძიებო ღონისძიება ლოგიკურ დასასრულამდე მივა, იქნება ეს ერთი თუ ორი კვირა, ვერ გეტყვით
კლუბები მას შემდეგ გაიხსნება, რაც ყველა საგამოძიებო ღონისძიება იქნება ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანილი, ეს იქნება ერთი კვირა თუ ორი კვირა, დღეს ვერ გეტყვით, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, რეალიზატორები არსებული მტკიცებულებების საფუძველზე არიან დაკავებული, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდა განჩინება კლუბის ჩხრეკაზე.
„განჩინების ამოცანა და მიზანი იყო რეალიზატორებსა და კლუბს შორის სისტემური კავშირების დადგენა, ეს არ ნიშნავს პირდაპირ ან კონკრეტულ ბრალდებებს კლუბის მფლობელებთან, ან მენეჯმენტთან მიმართებაში. ჯერჯერობით ეს არის გამოძიების საგანი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ორი სახის განჩინება არსებობდა. პირველი – ფაქტობრივად დადასტურებული ფაქტები კლუბებში ნარკოტიკული საშუალებების სისტემური ვაჭრობის და ამის საფუძველზე არსებული დასაბუთებული ეჭვი, რამდენად არსებობდა ინფრასტრუქტურული კავშირი კლუბებსა და რეალიზატორებს შორის. კლუბის ჩხრეკაზე განჩინება სწორედ ამიტომ იყო მიღებული“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, კლუბის სტუმრებს არავინ არ შეხებია.
„კლუბის სტუმრები საერთოდ არ ყოფილან გამოძიების საგანი, ჩვენ მათ მოვუხადეთ ბოდიში და ვთხოვეთ, დაეტოვებინათ საგამოძიებო ღონისძიების არეალი. ეს იყო და ეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
რაც შეეხება კლუბების წარმომადგენლების ბრალდებას, რომ დაკითხვისას მათზე ზეწოლა განხორციელდა, შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ თუ დაკითხვისას ზეწოლა იყო, მათ შეუძლიათ, შესაბამისს ორგანოებს მიმართონ.