გიორგი გახარია - კიდევ გახარიას ანგაჟირებულობაზე დაიწყებენ საუბარს მაშინ, როცა მათ მიერ წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატები ამბობენ, თურმე 2012 წლამდე დამოუკიდებელი სასამართლო გვქონია
კიდევ გახარიას ანგაჟირებულობაზე დაიწყებენ საუბარს მაშინ, როცა მათ მიერ წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატები ამბობენ, თურმე 2012 წლამდე დამოუკიდებელი სასამართლო გვქონია, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი შეფასებით, კანდიდატებისგან ამ განცხადების მოსმენა მისთვის კატასტროფა იყო.
ამასთან, გახარიამ კომენტარი გააკეთა ეუთო/ოდირის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე, რომელიც საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნას შეეხება.
„ჩვენი პარტიის წევრებმა ბოიკოტი არ გამოუცხადეს და განხილვებში მიიღეს მონაწილეობა. იმედგაცრუებასაც ვერ დავარქმევ ამას. ჩემთვის იყო მოულოდნელი კი არა კატასტროფა, როდესაც რამდენიმე მოსამართლემ შეფასების დონეზე თქვა, რომ 2012 წლამდეც ქართული სასამართლო თავისუფალი და დამოუკიდებელი იყოო. ეს ხალხი დღეს თავიდან არიან წარდგენილი, რომ უვადო მოსამართლეებად გამწესდნენ. ახლა გამოვა კიდევ ვინმე და გახარიას პოლიტიკურ ანგაჟირებულობაზე დაიწყებს საუბარს მაშინ, როდესაც მოსამართლეობის კანდიდატებად წარდგენილი ჰყავთ ადამიანები, რომლებიც მტკიცებით ფორმაში ამბობენ, რომ თურმე საქართველოში 2012 წლამდე დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლო გვქონია. კატეგორიულად მიუღებელია ის, რაც ხდება. გარდა ამისა, როდესაც ხელისუფლება ხარ, ვალდებულებას იღებ საერთაშორისო მედიაციის პირობებში, ხელს აწერ შეთანხმებას, რომელშიც წერია, რომ პირდაპირი ვალდებულებები გაქვს და შემდგომ ეძებ შემოვლით გზებს, რათა ეს ვალდებულებები არ შეასრულო, ეს არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ქვეყნის დისკრედიტაციას ახდენს. ეს ყველას უნდა გვესმოდეს. დაუჯერებელი იყო, რამდენჯერმე ვუყურე როგორ ამბობს მოსამართლე, რომ 2012 წლამდე ჩვენ დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლო გვქონია“, – განაცხადა გახარიამ.
ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR) საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.
ოდირ-ის ანგარიშის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის პროცესი ხასიათდება ნაკლოვანებებით, მიუხედავად ბოლოდროინდელი გაუმჯობესებისა.