გიორგი გახარია - ხვალ, ახალ მსოფლიოში გლობალური კონკურენციის სრულიად ახალი წესები და მდგომარეობა იქნება, სადაც ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, გახდეს უფრო წარმატებული
გიორგი გახარია - ხვალ, ახალ მსოფლიოში გლობალური კონკურენციის სრულიად ახალი წესები და მდგომარეობა იქნება, სადაც ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, გახდეს უფრო წარმატებული

ჩვენ გადავდგით ეკონომიკის გახსნის ის სწრაფი ნაბიჯები, რომლებიც შეგვეძლო, გადაგვედგა, მაგრამ აქ ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო და პირველ რიგში მინდა, ჩვენს მოქალაქეებს მივმართო, აქ უკიდურესი მნიშვნელობა აქვს სწორ ბალანსს, რამდენად ზუსტად, რამდენად ყურადღებით დავიცავთ იმ მოთხოვნებს, რომლებსაც წარგვიდგენენ ეპიდემიოლოგები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც „კოვიდ-19“-ის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარადგინა.

მისი თქმით, რეკომენდაციების დაცვა იყო საშუალება, მთავრობა ყოფილიყო პროაქტიური ეკონომიკის გახსნაში და გლობალური პანდემია ექცია შესაძლებლობად.

„ეს გვაძლევს მეტ საშუალებას, ვიყოთ პროაქტიურები ეკონომიკის გახსნაში და საბოლოო ჯამში ეს არის ერთადერთი საშუალება ჩვენი ქვეყნისთვის, ეს გლობალური კრიზისი, გლობალური პანდემია ვაქციოთ შესაძლებლობად. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ხვალ, ახალ მსოფლიოში გლობალური კონკურენციის სრულიად ახალი წესები და ახალი მდგომარეობა იქნება, სადაც ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, გახდეს უფრო წარმატებული, როგორც სოციალური ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, ასევე, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეკონომიკურად“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.