გიორგი გახარია - ხშირად ვსაუბრობთ შეზღუდვების სიმკაცრეზე, ეს არის ძირითადი პრობლემა, როდესაც ვცდილობთ, ოქროს შუალედის დაჭერას, არც ჯანმრთელობა დავაზიანოთ და ეკონომიკას მივაყენოთ მინიმალური ზიანი
როდესაც პირდაპირ უცხოურ ინვესტიციების მოზიდვაზე ვსაუბრობთ, უნდა შევთანხმდეთ ერთ რამეზე, არის რაღაც საბაზისო მოთხოვნები, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს დაკმაყოფილებული. პირველ რიგში ეს არის მაკროეკონომიკური სტაბილურობა, საჯარო სექტორის და ბიუროკრატიის ეფექტური მუშაობა და კიდევ ბევრი რამ. ამის იქით ყველანაირი ღონისძიება უნდა იყოს აბსოლუტურად არაორდინალური, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, კითხვა-პასუხის რეჟიმში განაცხადა, რომელზეც დღეს კენჭს უყრიან მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.
მისი თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები 2019 წლის ბოლოს 2020 წლის დასაწყისში ძალიან კარგი იყო.
„საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები 2019 წლის ბოლოს 2020 წლის დასაწყისში ძალიან კარგი იყო, ეს არ არის ჩემი შეფასება ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასება. სწორედ ამის შედეგია, რომ დღესაც პოსტკრიზისული ეკონომიკის აღდგენის პირობებში საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, ჩვენი ეკონომიკური ზრდა რეგიონში არის ყველაზე მაღალი, სადღაც 5% უახლოვდება. ეს არის ის საბაზისო პირობები, თუ აქ ჩვენ მაკროეკონომიკური პარამეტრები გაგვექცა ვერანაირი ინდივიდუალური მიდგომა და არაორდინალური ნაბიჯები ინვესტორების მოზიდვისთვის ვერ გვიშველის.
ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ პანდემიასთან დაკავშირებით შეზღუდვების სიმკაცრეზე, ეს არის ძირითადი პრობლემა, როდესაც ვცდილობთ ამ ბალანსის – ოქროს შუალედის დაჭერას, არც ჯანმრთელობა დავაზიანოთ და ეკონომიკას მივაყენოთ მინიმალური ზიანი. მინიმალური ზიანი იმიტომ, რომ როგორც კი პანდემიის პრობლემა მსოფლიოში მოგვარდება მაშინ გამოჩნდება საბოლოო ჯამში პანდემიას, რომელი ქვეყანა გაუმკლავდა უფრო ეფექტურად. ვერავინ, ვერასოდეს ვერ შეაფასებს ამა თუ იმ ქვეყნის წარმატებას პანდემიასთან ბრძოლაში, მხოლოდ და მხოლოდ ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლებით. რადგან, როგორც კი ეს პრობლემა მოგვარდება, წამოვა ეკონომიკური კრიზისი. საბოლოო ჯამში, წარმატებული ქვეყანა იქნება ის ქვეყანა, რომელმაც პანდემია ეპიდემიოლოგიურად სწორად მართა და ეკონომიკასაც მიაყენა მინიმალური ზიანი, რაც გამოჩნდება პოსტკოვიდური ეკონომიკური გლობალური კონკურენციის პირობებში და ჩვენ აქ, რაც უნდა გავაკეთოთ მაკროეკონომიკური მაჩვენებლები არ უნდა გაგვექცეს“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.