გიორგი გახარია - ხომ არ მოვიდა დრო, არჩევნების შემდეგ შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რომელზეც დადგება ყველა საკითხი, კომისიის ფარგლებში საზოგადოება ბევრ საინტერესო რამეს გაიგებს
ძალიან სახიფათო ველზე შედიან, რადგან უკვე ვიწყებ ფიქრს, ხომ არ მოვიდა დრო, არჩევნების შემდეგ შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რომელზეც დადგება ყველა საკითხი, რაც „ქართულ ოცნებაში“ ჩამოთვალეს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ განაცხადა.
გიორგი გახარიას მამუკა მდინარაძის დღევანდელი განცხადების თაობაზე დაუსვეს კითხვა.
გახარიას თქმით, დარწმუნებულია, საპარლამენტო კომისიის ფარგლებში საზოგადოება მისთვის საინტერესო ბევრ რამეს გაიგებს.
გიორგი გახარია ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ ისტერიკა პირდაპირ მიუთითებს პარტია „საქართველოსთვის“ მზარდ მხარდაჭერაზე.
„წავიკითხე ტექსტი, მოსმენით არ მომისმენია. მამუკა მდინარაძე იმ დროს, ახლა არ ვიცი, ალბათ ახლაც, იმ ოთახში შემოშვებაზე კიარა, სადაც გადაწყვეტილებები მიიღებოდა, იმ სართულზეც საერთოდ ახლოს ვერ მივიდოდა. რასაც ახლა მამუკა მდინარაძე უბრალოდ ბოდავს, რჩება მამუკა მდინარაძის ბოდვად. ჩემი მხრივ, მინდა, გითხრათ, რომ რეალურად რომ გვესმოდეს, ეს ტექსტი, ივანიშვილის მიერაა დაწერილი, რომელსაც ახლა შიშები ამოძრავებს. რატომ? მარტივი მიზეზის გამო. მან ძალიან კარგად იცის, რომ ახლა, წინასაარჩევნოდ სერიოზულ თემებზე როცა ვსაუბრობთ, როცა შენ შენი ხალხისგან გაურკვეველი მიზეზების გამო ითხოვ ბოდიშის მოხდას, ამის შემდგომ შენი დავალებით, შენი განკარგულებით, შენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი შენს ქვეყანას აბრალებს ომის დაწყებას და, ფაქტობრივად, უმძიმეს დარტყმას აყენებს არაღიარების პოლიტიკას, საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს არაღიარების პოლიტიკას, რაც პირდაპირ ნიშნავს ქვეყნის სუვერენიტეტის დაზიანებას, როდესაც შენ შენი ფინანსური ინტერესების გამო, ფულის გამო რიგში აყენებ სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირებს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, მინისტრებს და შენი ფინანსური კერძო დავის გამო ამ მონებს ალაპარაკებ, შემდგომ სახელმწიფოს შესაბამისად იყენებ, რათა როგორმე რაღაც ფული უკან დაიბრუნო, ამაში არის ძალიან სერიოზული ნიშნები ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატის.
დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე, ივანიშვილს ექნება შესაძლებლობა, რაღაც განმარტებები გააკეთოს, რადგან მერწმუნეთ, ეს განმარტებები იქნება ბევრად საჭირო, პირველ რიგში, მისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, განმარტებები არ იქნება, იქნება სხვა ქმედებები, რადგან საზოგადოებაში არსებობს კითხვები, როგორ შეიძლება, შენს ქვეყანას და შენს მოქალაქეებს, რომლებმაც ეთნიკური წმენდა გამოიარეს, მოსთხოვო ბოდიშის მოხდა. როგორ შეიძლება, შენ შენს სახელმწიფოს დააბრალო ომის დაწყება, მაშინ, როცა იცი, რომ არაღიარების პოლიტიკა არის უზარმაზარი რისკის ქვეშ შენს გამო, რადგან დაანგრიე საერთოდ ნორმალური ურთიერთობა დასავლეთთან და აქ არის პირდაპირ ჯაჭვი თანმიმდევრული მოვლენების. ამის შემდეგ რაღაც ტექსტი დაუწერო და ვიღაცა შენი მონა, კლოუნი გამოვიდეს. ძალიან სახიფათო ველზე შედიან, რადგან მე უკვე ვიწყებ ფიქრს, ხომ არ მოვიდა დრო, რომ არჩევნების შემდეგ შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რომელზეც დადგება ყველა ის საკითხი, რომლებიც მათ ასე ჩამოთვალეს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ საპარლამენტო კომისიის ფარგლებში საზოგადოება მისთვის საინტერესო ძალიან ბევრ რამეს გაიგებს, ოღონდ არჩევნების შემდეგ, რადგან მე არ ვარ ისეთი მდაბიო, როგორც ზოგიერთი, რომ წინასაარჩევნო ინტერესებში მსგავსი თემები გამოვიყენო. მერწმუნეთ, ის ისტერიკა, რომელიც დღეს „ოცნებას“ სჭირს, პირდაპირ მიუთითებს ჩვენს მზარდ მხარდაჭერასა და მათ თავისუფალ ვარდნაში მყოფ მხარდაჭერაზე. ასე რომ, მოკითხვა გადაეცით“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „სააკაშვილი, გვარამია, ხაზარაძე, გახარია ერთი ხელიდან მართული აგენტურაა და ხალხმა უნდა იცოდეს, რომ მათთვის მიცემული თითოეული ხმა არის უდიდესი ხიფათი ქვეყნის არსებობისთვის“. მდინარაძის თქმით, მოვლენათა ქრონოლოგია და გახარიას გადაწყვეტილებების ჯაჭვი მარტივად ადასტურებს, რომ ის არაფრით განსხვავდება კოლექტიური აგენტურის რიგითი წევრებისგან.