გიორგი გახარია - ხელისუფლების ერთადერთი ინსტრუმენტია, იყოს ეფექტური, მიიღოს სწრაფი, თამამი გადაწყვეტილებები, არ გვაქვს უფლება, რომ დავაგვიანოთ
ჩვენი ერთადერთი ინსტრუმენტი, ვიყოთ ეფექტურები და წარმატებულები ამ ვირუსთან ბრძოლაში, არის სწრაფი და თამამი გადაწყვეტილებები და არც ერთ შემთხვევაში არ გვაქვს უფლება, დავიგვიანოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, დამოკიდებულება, რომელსაც საქართველოს ქალაქებში ხედავენ, არის მიუღებელი. როგორც გახარიამ აღნიშნა, მოქალაქეების გარკვეული ნაწილი ვერ აცნობიერებს პრობლემის სიმძიმეს.
„მინდა, რამდენიმე ციფრი მოგახსენოთ, რომელიც ეხება ჩვენს მეგობარ ქვეყნებს – ბოლო თვეების განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ეს ვირუსი გახდა პრობლემა და გამოწვევა მსოფლიოსთვის, იტალიაში გარდაცვლილია 10 779 ადამიანზე მეტი, ესპანეთში 6803 ადამიანი, საფრანგეთში 2606 ადამიანი, დიდ ბრიტანეთში 1228 ადამიანი, ნიდერლანდებში 776 ადამიანი, გერმანიაში 541 ადამიანი. რა თქმა უნდა, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს ვუსამძიმრებთ, ჩვენ გლობალურ ბრძოლაში ვართ მათთან ერთად და ჩვენი ვალდებულება გახლავთ ის, რომ აქ, საქართველოში, სანამ ჩვენ კიდევ ვაკონტროლებთ სიტუაციას, სანამ ჩვენი ყოველდღიური და პრევენციული ნაბიჯები გვაძლევს საშუალებას, ვთქვათ, რომ ჩვენ შედარებით, ასე თუ ისე ნორმალურად ვუმკლავდებით გამოწვევებს, ამან არ მოგვცეს მოდუნების საფუძველი. ჩვენ აბსოლუტურად უნდა ვიაზრებდეთ იმ მდგომარეობის სიმძიმეს, რომელსაც ვხედავთ ყოველდღიურად ევროპის ქვეყნებში. ეს ის ქვეყნებია, რომლებიც საქართველოზე ეკონომიკურად ბევრად უფრო ძლიერები არიან, ეს ის ქვეყნებია, რომელთა თუნდაც ჯანდაცვის სისტემა ბევრად უფრო ძლიერია. ჩვენი ერთადერთი ინსტრუმენტი, ვიყოთ ეფექტურები და წარმატებულები ამ ვირუსთან ბრძოლაში, არის სწრაფი და თამამი გადაწყვეტილებები და არც ერთ შემთხვევაში არ გვაქვს იმის უფლება, რომ დავიგვიანოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს მასშტაბით საკარანტინო რეჟიმი ხვალ, დილის 08:00 საათიდან ამოქმედდება. ასევე გიორგი გახარიას თქმით, საქართველოში ხვალიდან იმოქმედებს კომენდანტის საათიც, 21:00-დან დილის 06:00 საათამდე.