გიორგი გახარია - ხელისუფლების, ექიმებისა და ეპიდემიოლოგების თავდაუზოგავი შრომის, ჩვენი მოქალაქეების მაღალი პასუხისმგებლობისა და სწორი მენეჯმენტის წყალობით, საქართველო კვლავ მწვანე ზონად რჩება
ხელისუფლების, ექიმებისა და ეპიდემიოლოგების თავდაუზოგავი შრომის და რაც მთავარია, ჩვენი მოქალაქეების მაღალი პასუხისმგებლობისა და სწორი მენეჯმენტის წყალობით მივაღწიეთ იმას, რომ საქართველო კვლავ მწვანე ზონად რჩება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა „კოვიდ-19“-ზე გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა, რომ დღეს მთელი მსოფლიო ებრძვის საერთო, უხილავ მტერს.
„ჩემთვის დიდი პატივია, რომ მაქვს შესაძლებლობა, მოგმართოთ და გაგიზიაროთ სათქმელი, რომელიც ამ ერთი წლის განმავლობაში დაუგროვდა ჩვენს ქვეყანას – საქართველოს.
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია წელს 75 წლის გახდა და პირველად, მისი არსებობის განმავლობაში, გენერალური ასამბლეა იმართება დისტანციურად. ეს ფორმატი უჩვეულოა და შეიძლება, ისტორიულიც ვუწოდოთ, რადგან ამ დისტანციური ჩართვის მიზეზი გვაერთიანებს ყველას – დღეს მთელი მსოფლიო ებრძვის საერთო, უხილავ მტერს – „კოვიდ-19“-ის პანდემიას.
ადამიანების სიცოცხლეს, ყველგან – მიუხედავად რეგიონის თუ ცხოვრების დონისა, საერთო საფრთხე დაემუქრა და ამ საფრთხესთან ბრძოლამ გადაფარა ის გამოწვევები, რომლებიც უკვე ათწლეულებია გაერო-ს დღის წესრიგშია, თუმცა, ზოგ შემთხვევაში კიდევ უფრო მკაფიოდ გამოაჩინა არსებული პრობლემები.
ჩვენ ყველა ერთად, განსხვავებული შესაძლებლობების სახელმწიფოები, აღმოვჩნდით სრულიად ახალი, უფრო რთული გამოწვევის წინაშე.
სირთულეების მიუხედავად, საქართველოში ჩვენ მოვახერხეთ, გავმკლავებოდით პანდემიის შემოტევას, რაც დაინახა და ერთხმად აღიარა მთელმა მსოფლიომ. კოვიდ-19-თან ბრძოლაში პროაქტიული გადაწყვეტილებების, ხელისუფლების, ექიმებისა და ეპიდემიოლოგების თავდაუზოგავი შრომის და რაც მთავარია, ჩვენი მოქალაქეების მაღალი პასუხისმგებლობის და სწორი მენეჯმენტის წყალობით მივაღწიეთ იმას, რომ საქართველო კვლავ მწვანე ზონად რჩება“, – განაცხადა პრემიერმა.
გიორგი გახარიამ მადლობა გადაუხადა აშშ-ს, ევროკავშირს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს და აღნიშნა, რომ მათი დახმარება უმნიშვნელოვანესი იყო პანდემიის პირველ ტალღასთან გამკლავებაში.
„ამაყი ვარ, რომ პანდემიის მიუხედავად, სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენს ქვეყანაში გაიმართა გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომა. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მეგობარ ქვეყნებს – აშშ-ს, ევროკავშირს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, რომელთა დახმარება უმნიშვნელოვანესი იყო პანდემიის პირველ ტალღასთან გამკლავებაში.
რა თქმა უნდა, განსაცდელი არსად წასულა, ვირუსი ისევ გვიტევს, მაგრამ, ჩვენს მიერ დაგროვილი ცოდნა გვაძლევს საშუალებას, სიტუაცია თანმიმდევრულად ვმართოთ და ყველას გავუზიაროთ საქართველოს წარმატებული გამოცდილება“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.