გიორგი გახარია - ხელისუფლება ამბობს, რომ საქართველო უფრო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა, ტექნიკურ დონეზე საქართველო მართლაც ლიდერია, მაგრამ პოლიტიკურ დონეზე გვაქვს პრობლემა
ტექნიკურ დონეზე საქართველო მართლაც ლიდერია სამ სახელმწიფოს შორის, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ტექნიკურ დონეზე პრობლემა, ჩვენ პოლიტიკურ დონეზე გვაქვს პრობლემა, – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ ევროკავშირში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის განაცხადებზე საუბრისას.
„ხანდახან, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება გამოდის და ამბობს, რომ საქართველო ბევრად უფრო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ვიდრე ასე ვთქვათ, კანდიდატობის სხვა ქვეყნები – უკრაინა და მოლდოვა. ნაწილობრივ, მართალი არიან. იმიტომ, რომ ტექნიკურ დონეზე, ვინაიდან საქართველო წლების განმავლობაში იყო აღმოსავლეთ ევროპაში ლიდერი, რეფორმების გატარების თვალსაზრისით, ტექნიკურ დონეზე საქართველო მართლაც ლიდერია ამ სამ სახელმწიფოს შორის, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ტექნიკურ დონეზე პრობლემა, ჩვენ პოლიტიკურ დონეზე გვაქვს პრობლემა, რაც, რა თქმა უნდა, შეიძლება ბევრად განმსაზღვრელი იყოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომელიც საბედნიეროდ, ჯერ არ არის მიღებული“, – განაცხადა გახარიამ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არის თუ არა პოლიტიკურად საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ერთ დონეზე, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ პოლიტიკურ კონტექსტში დღეს, რასაც საქართველოს მთავრობა აკეთებს – პირდაპირი თავდასხმები ევროპარლამენტარებზე და ა.შ., ბუნებაში არ იკარგება და რა თქმა უნდა, ამას თავისი პოლიტიკური შედეგები მოჰყვება.
„როდესაც შენ ამბობ, რომ საკუთარ სტრატეგიულ პარტნიორს, აშშ-ს, ზოგიერთ ევროპარლამენტარს, ან ევროპას სურს აქ მეორე ფრონტის გახსნა და ამიტომ სჯიან ქვეყანას, ასეთი არაორაზროვანი განცხადებები, რა თქმა უნდა, ბუნებაში არ იკარგება. რა თქმა უნდა, ამას თავისი პოლიტიკური შედეგები მოჰყვება და ეს უნდა გავითვალისწინოთ“, – განაცხადა გახარიამ.
გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, როგორ შეაფასებს მეორე ფრონტთან დაკავშირებით უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის და არესტოვიჩის განცხადებებს, გახარიამ აღნიშნა, რომ ამ განცხადებებს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა და მნიშვნელობა აქვს ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებას.
„არ მინდა ამის განხილვა, ვიღაც მესამე კლასის ჩინოვნიკმა რაღაც თქვა. თქვენ არ იცით ახლა უკრაინის ხელისუფლების მოწყობა. არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა იმ განცხადებას. ან იმით დაწყებული, ვიღაც ანალიტიკოსით, რომელიც ყველაფერზე საუბრობს. ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებას აქვს მნიშვნელობა“, – განაცხადა გახარიამ.
შეკითხვაზე, არის თუ არა ლოგიკა იმაში, რომ ომში მყოფ ქვეყანას შესაძლოა უნდოდეს, მის მოწინააღმდეგეს სადმე სხვა ქვეყანაშიც ჰქონდეს ომი, მისი ძალები გაიყოს და რატომ არ შეიძლება, ეს ლოგიკა არსებობდეს, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ეს ასე არ არის.
„ერთადერთი, მეორე ფრონტის გახსნაში ვინც იყო ობიექტურად დაინტერესებული, ეს იყო რუსეთი“, – განაცხადა გახარიამ.
შეკითხვაზე, რატომ არ გახსნა ასეთ შემთხვევაში რუსეთმა საქართველოში მეორე ფრონტი, გახარიამ თქვა, რომ რუსეთი იმაში არ იყო დაინტერესებული, მეორე ფრონტი თვითონ გაეხსნა.
„თვითონ კი არ გახსნიდა?! რა თქმა უნდა, თვითონ რომ გაეხსნა, ის არ იყო ამაში დაინტერესებული“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.