გიორგი გახარია - ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ შეზღუდვა არანაირად არ ეხება საარჩევნო აგიტაციას და კამპანიას
ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ შეზღუდვა არანაირად არ ეხება საარჩევნო აგიტაციას და კამპანიას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
რიტუალური ღონისძიებების აკრძალვაზე საუბრისას პრემიერმა აღნიშნა, რომ ბოლო დღეებში თბილისში ჩატარებულმა ერთ-ერთმა ქორწილმა ქვეყანაში კიდევ ხუთი ახალი კლასტერი შექმნა.
„დღეიდან იკრძალება ღია ცის ქვეშ 200-ზე მეტი ადამიანის შეკრება სპორტული თუ კულტურული ღონისძიებებისთვის. დღეის მდგომარეობით, დახურულ შენობებში ეს ისედაც აკრძალულია. კიდევ ერთხელ ვამბობ – ღია ცის ქვეშ იკრძალება 200-ზე მეტი ადამიანის შეკრება. რაც შეეხება რიტუალურ ღონისძიებებს, სამწუხაროდ, გვესმის, რომ ამას გარკვეული დისკომფორტი და შესაძლებელია, ჩვენი მოქალაქეების გაღიზიანებაც მოჰყვეს, მაგრამ საგულისხმო მაგალითია ერთ-ერთი ქორწილი, რომელიც თბილისში ჩატარდა, არ დავასახლებ, რომელ რესტორანში, ფაქტობრივად, ხუთი დამატებითი კლასტერი შეგვიქმნა. ერთი ცაგერში, მზარდი კლასტერი, ერთი ქუთაისში, ერთი ზუგდიდში და ა.შ. ამ წერტილებში ინფიცირების ზრდას ველოდებით და ამის ძირითადი გამავრცელებელი ღონისძიება სამწუხაროდ, ქორწილი იყო.
იძულებული გავხდით, რომ მსგავსი რიტუალური ღონისძიებების აკრძალვისთვის დაგვემატებინა დადგენილებაში – 10 ადამიანზე მეტი. ეს მიმართულია იქითკენ, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მთავრობის მეთაურის თქმით, ასევე იკრძალება ღამის კლუბები ღია სივრცეებშიც.
„დახურულ სივრცეში ასეთი აკრძალვა ისედაც არსებობს. ესეც არის ვირუსის სწრაფი გავრცელების მაღალი რისკის შემცველი ღონისძიებები“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.