გიორგი გახარია - კერძო, ასევე საჯარო სექტორში, მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული დისტანციური მუშაობის ფორმები
კერძო, ასევე საჯარო სექტორში, მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული დისტანციური მუშაობის ფორმები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც ეტაპობრივად შეზღუდვების მოხსნაზე განმარტება გააკეთა.
„მესმის, რომ მძიმე იყოს დაწესებული შეზღუდვები ჩვენი მოქალაქეებისთვის, მაგრამ ამავე დროს რამდენად აუცილებელი იყო ეს შეზღუდვები ასევე ჩვენი მოქალაქეებისთვის და მათი ჯანმრთელობის ზრუნვისთვის. ჩვენ უკვე გვაქვს მზად და გვინდა, ერთად განვიხილოთ, შეზღუდვების შემსუბუქების და ეკონომიკის გახსნის შემდგომი გეგმა, თუმცა, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პანდემიამ ჩვენი ცხოვრება და ყოველდღიური ქცევა შეცვალა ისე, რომ გარკვეული შეზღუდვები და ღონისძიებები დარჩება წლების განმავლობაში ჩვენთან ერთად და ამ წესების დაცვის გარეშე შეუძლებელი იქნება ეკონომიკის გახსნაზე და ეკონომიკის აღდგენაზე საუბარი. ეს წესები ძალიან მარტივია და ეს წესები არის გლობალური. ეს წესები არ არის, რომელიც მარტო საქართველოში უნდა მივყვეთ და დავიცვათ. სოციალური დისტანცირება დადგენილი წესების შესაბამისად არის აუცილებელი და, როგორც ჩანს, დიდი ხნის განმავლობაში იქნება აუცილებელი ჩვენს ცხოვრებაში“, – განაცხადა გახარიამ.
მისი თქმით, ყველა კომპანიამ უნდა გაითვალისწინოს, რომ საქმიანობის აღდგენა და გრძელვადიან პერიოდში გაგრძელება შეუძლებელი იქნება ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებისა და მოთხოვნების დაცვის გარეშე.
„კორონავირუსის ყველაზე დიდი გამოწვევა არის ის, რომ დღემდე გლობალურად მსოფლიომ ვერ მოძებნა რეცეპტი, როგორ უნდა ებრძოლოს ამ ვირუსს, გარდა ამ სოციალური დისტანციისა, პირბადისა, მობილობის შეზღუდვისა და ასე შემდგომ. ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რის პირობებშიც ჩვენ მოგვიწევს ყველას ერთად ცხოვრება, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადეების ტარება. როგორც ჩანს, რაღაც პერიოდი პირბადე, ელემენტარული ჰიგიენის დაცვა, ხელთათმანები – ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდება. იურიდიული პირების მიერ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების დაცვა, ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ყველა მეწარმემ, ყველა კომპანიამ უნდა გაითვალისწინოს, რომ შეუძლებელი იქნება საქმიანობის აღდგენა და გრძელვადიან პერიოდში გაგრძელება იმ ღონისძიებების გატარების გარეშე და იმ მოთხოვნების დაცვის გარეშე, რომელსაც წარგვიდგენენ ჩვენი ეპიდემიოლოგები და ჩვენი ექიმები. რა თმა უნდა, სადაც შესაძლებელია, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში, მაქსიმალურად იყოს გამოყენებული დისტანციური მუშაობის ფორმები, იმისთვის, რომ ფიზიკური კონტაქტი ჩვენ მაქსიმალურად შევამციროთ და მინიმუმამდე დავიყვანოთ. ეს არის ის საბაზისო წესები, რომლის დაცვის გარეშე, ვერანაირი ეკონომიკის გახსნაზე ან შეზღუდვების შემცირებაზე, ვერ ვისაუბრებთ. ამიტომ ეს არის ის ბაზა, რომელზე დაყრდნობითაც შეგვიძლია შემდგომი ნაბიჯების გადადგმა“, – განაცხადა გახარიამ.