გიორგი გახარია - კარგად ვიცი, რას ნიშნავს თითოეული ემიგრანტის დახმარება საქართველოსთვის, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვიშრომოთ აქ
მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ ახალგაზრდებს კარგი სწავლისთვის, ზრდასრულებს იმისთვის, რასაც ამ ქვეყნისთვის აკეთებთ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ „კოვიდ-19“-ის პანდემიის პერიოდში სახელმწიფოს ორგანიზებით საქართველოში დაბრუნებულ მოქალაქეებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოსთვის თითოეული ემიგრანტის დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია.
„ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს თითოეული ემიგრანტის დახმარება საქართველოსთვის, ძალიან კარგად მესმის ეს ციფრებში გაზომილი და ეკონომიკაზე რა ზემოქმედება აქვს. ამის ახსნა არ მჭირდება. ძალიან კარგად მესმის, რას ნიშნავს იმ ცოდნისა და კომპენტენციის საქართველოში ჩამოტანა. ამისთვის, რა თქმა უნდა, თითოეულ თქვენგანს მადლობა ეკუთვნის და მინდა, პირველ რიგში გისურვოთ ჯანმრთელობა, გისურვოთ, რომ დავრჩეთ აქ. ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ აქ ვიშრომოთ და მივაღწიოთ იმას, რისი გაკეთებაც უკვე ვისწავლეთ, რა გამოცდილებაც მივიღეთ. ეს არის ყველაზე მთავარი და, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობა, ყურადღება. უნდა ვიცოდეთ, რომ ამაზე მნიშვნელოვანი დღეს არაფერია“, – განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა, რომ ვირუსის გავრცელების რისკები კონტროლირებადი იყოს.
„თუ გვინდა, განვითარდეს ეკონომიკა, უნდა ვაკონტროლოთ და ვმართოთ პანდემიის, ვირუსის გავრცელების რისკები. ეს არის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა, საქართველოს თითოეული მოქალაქის და ყველა იმ ადამიანის პასუხისმგებლობა, ვინც დღეს საქართველოში ცხოვრობს“, – აღნიშნა პრემიერმა, გიორგი გახარიამ.