გიორგი გახარია - კანაფთან მიმართებით გარკვეული საკანონმდებლო ჩარჩო უნდა შეიქმნას
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ კანაფის ფაქტობრივი ლეგალიზება უკვე მოახდინა, – განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პირველი არხის გადაცემაში „ახალი კვირა“, იმედა დარსალიას შეკითხვაზე, უნდა მოხდეს თუ არა კანაფის ლეგალიზება.
„ჩვენი, შსს–ს და ასევე ჩემი, როგორც მოქალაქის პოზიცია ასეთია – აქ კონკრეტული, გარკვეული რეგულაციებია შემოსაღები, რათა ფაქტობრივი ლეგალიზება ჩვენი საზოგადოების მიერ ისე არ იქნას აღქმული, რომ ყველაფერი დაშვებულია“, – განაცხადა გახარიამ.
მინისტრის თქმით, ამ მიმართულებით გარკვეული საკანონმდებლო ჩარჩო უნდა შეიქმნას, რათა რეგულირებული იყოს ყოველი დეტალი, თუ რა პირობებში, სად და რა ზომით მოხმარება არ არის კრიმინალიზებული.
„ეს არის ჩვენი ამოცანა, რომელზეც პარლამენტთან ერთად ვმუშაობთ“, – განაცხადა გახარიამ.
გიორგი გახარიამ შსს–ს პოზიცია სხვა, მძიმე სახის ნარკოტიკებთან დაკავშირებითაც დააფიქსირა.
„შსს–ს პოზიცია ასეთია – რა თქმა უნდა, ჰუმანური მიდგომა სწორია. ეს ის მიმართულებაა, საითაც ჩვენ უნდა მივდიოდეთ, თუმცა, დღეს, როცა რეაბილიტაციის შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ გვაქვს და რეაბილიტაციის პროგრამების ის რაოდენობა არ არსებობს, რაც აუცილებელია, სახელმწიფომ ნარკომომხმარებლებს შესთავაზოს, ეს ის პრინციპული პრობლემაა, რომლის გადაწყვეტის შემდეგაც შეიძლება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ლიბერალიზაციის მიმართულებით. ამიტომ ვთვლით, რომ პირველ რიგში, იმ ინფრასტრუქტურაზე უნდა ვიფიქროთ, რომელიც ნარკომომხმარებელთა რეაბილიტაციისათვისაა საჭირო და კონკრეტულ საკანონმდებლო ცვლილებებზე შემდეგ ვისაუბროთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.