გიორგი გახარია - კანაფის კულტავაციის კანონპროექტის გაწვევით საკითხი დახურულია
გიორგი გახარია - კანაფის კულტავაციის კანონპროექტის გაწვევით საკითხი დახურულია

ჩვენთვის დღევანდელ შეხვედრაზე ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მარიხუანას მოხმარებაზე რეგულირების ნაწილი, რომელსაც უდიდესი შედეგი ექნება,- ამის შესახებ ჟურნალსიტებს შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, მსჯელობა შეეხო, აგრეთვე, კანაფის კულტივაციას სამედიცინო მიზნებისთვის.

„საკითხის პოლიტიკური კონტექსტი ბუნებრივია, არსებობს. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ მნიშვნელოვანია,  კანონის ირგვლივ მოხდეს კონსენსუსი. ამ კონსენსუსის მიღწევა არსებული  პოლიტიკური ვითარებიდან, მათ შორის არჩევნებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე შეუძლებელია. ირაკლი კობახიძემ განაცხადა,  რომ  პარტიაში იყო შეხვედრა, რომლესაც სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა. იქ იყო მიღებული გადაწყვეტილება,  რომ კანონპროექტი გამოვიტანოთ. ეს იყო დღეს პატრიარქთან შეხვედრის ძირითადი თემა. რა თქმა უნდა,  ეს იყო საპატრიარქოსა და პატრიარქის პოზიციაც. ჩვენ დავთანხმდით,  რომ ამ კანონპრპექტს მთავრობა უახლოეს პერიოდში გამოიწვევს“,- აღნიშნა გიორგი გახარიამ.

კითხვაზე, კანონპროექტის გამოწვევა ნიშნავს თუ არა,  რომ საერთოდ აღარ იქნება ამ თემაზე საუბარი, გახარია აცხადებს. „დიახ, ეს ნიშნავს იმას, რომ  საკითხი დახურულია“.

რაც შეეხება მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებულ რეგულაციებს, გახარიას განცხადებით, აღნიშნული საკითხი პრინციპულად მნიშვნელოვანია.

„წარმოიდგინეთ, საქართველოში ძალაში შევა კანონი, რომელიც ნარკოტიკული თრობის ქვეშ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის გამო დააწესებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. ეს არის უდიდესი ცვლილება საერთოდ საკანონმდებლო ჩარჩოში და ჩვენს მენტალიტეტში. ამიტომ მოხმარების რეგულირება არის ერთმნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯი და რაც მთავარია, ეს დაიცავს ახალგაზრდებს, არასრულწლოვნებს“, – განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ ასევე, ეს იქნება უდიდესი ბერკეტი ახალი მომხმარებლის გაჩენის წინააღმდეგ.