გიორგი გახარია კახეთში იმყოფება, სადაც ფერმერებს ანტიკრიზისულ გეგმაზე ინფორმაციას აწვდის
გიორგი გახარია კახეთში იმყოფება, სადაც ფერმერებს ანტიკრიზისულ გეგმაზე ინფორმაციას აწვდის

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად კახეთის რეგიონში ჩავიდა.

ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმით გათვალისწინებულ შეღავათებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ყვარელში, ხილის გადამამუშავებელი საწარმოს Georgia’s Natural-ის ხელმძღვანელს და თანამშრომლებს ესაუბრა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში დაფინანსებული საწარმოში, რომელიც ორგანულ პროდუქციას ამუშავებს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან და კახეთის გუბერნატორ ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად საწარმოო პროცესს გაეცნო.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული პროგრამები პირდაპირი დახმარების გარდა, აგრარულ სექტორს საშუალებას აძლევს, პანდემიით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, წვდომა ჰქონდეს ფინანსურ რესურსზე, რაც მეურნეობის გაფართოებასა და განვითარებაში დაეხმარება.

გიორგი გახარიას თქმით, ყვარელში მოქმედი ხილის გადამამუშავებელი საწარმო კარგი მაგალითია, როგორ შეიძლება სახელმწიფო პროგრამების გამოყენება მაღალი სტანდარტის და ხარისხის პროდუქციის წარმოებისთვის, რაც კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და მსოფლიო ბაზრებზე საკუთარი ადგილის დამკვიდრების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

საწარმო Georgia’s Natural-ში, რომელიც ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავების შედეგად წვენებს, სოუსებს, კონსერვებსა და გაყინულ ხილს აწარმოებს, 40 ადამიანია დასაქმებული. განხორციელებული ინვესტიციის სრული მოცულობა 2 582 265 ლარია.