გიორგი გახარია ჯანმო-ს  ევროპის რეგიონულ დირექტორ ჰანს კლუგეს შეხვდა
გიორგი გახარია ჯანმო-ს  ევროპის რეგიონულ დირექტორ ჰანს კლუგეს შეხვდა

საქართველოს ხელისუფლების და კონკრეტულად, პრემიერ-მინისტრის მეთაურობით მოქმედი მთავრობის რეაგირება ახალი კორონავირუსის პანდემიაზე უდავოდ სანაქებოა – ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს მთავრობის ეფექტური ძალისხმევა, ჯანდაცვის სექტორში დაგეგმილი რეფორმები და კოვიდვაქცინაცია იყო გიორგი გახარიას და ჯანმო-ს ევროპის რეგიონული დირექტორის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ჰანს კლუგემ მაღალი შეფასება მისცა ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის ნაწილში და ხაზი გაუსვა როგორც კლინიკური სასტუმროების, ისე ონლაინკლინიკის უმნიშვნელოვანეს როლს. აგრეთვე, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ლუგარის ლაბორატორიის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. საუბარი შეეხო კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით მიმდინარე სამუშაოებს.

აღინიშნა, რომ ამ თემაზე პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც აქტიურ რეჟიმში მუშაობს როგორც ვაქცინის დროული შემოტანის, ისე ინფრასტრუქტურული და ლოგისტიკური საკითხების მოგვარების კუთხით. კიდევ ერთხელ გამახვილდა ყურადღება იმ ფაქტზე, რომ გარდა COVAX პლატფორმისა, აქტიურ ფაზაშია მოლაპარაკებები საერთაშორისო პარტნიორებთან და ვაქცინის მწარმოებლებთან, რომელსაც სახელმწიფო, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ჩართულობით აწარმოებს.

„ჰანს კლუგემ გიორგი გახარიას ამ მიმართულებით მხარდაჭერა აღუთქვა. აგრეთვე, გიორგი გახარიამ და ჯანმო-ს ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ისაუბრეს ჰოსპიტალურ სექტორში არსებულ ვითარებასა და პირველადი ჯანდაცვის რგოლის როლსა და მუშაობაზე. ყურადღება გამახვილდა ინტენსიური ტესტირების პროგრამის მნიშვნელობაზე, რომელსაც საქართველოს მთავრობა, შეზღუდვების ორთვიანი გეგმის ფარგლებში, დეკემბრის დასაწყისიდან ახორციელებს. გახარიამ ჯანმო-ს ევროპის რეგიონულ დირექტორს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა წლების განმავლობაში წარმატებულ თანამშრომლობას საქართველოსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას შორის.

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს არა მხოლოდ „კოვიდ-19“-ის მართვის ნაწილში, არამედ სამომავლო რეფორმების განხორციელების თვალსაზრისითაც. აგრეთვე, გახარიამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ფაქტის მნიშვნელობას, რომ ჯანმო-ს წარმომადგენლები მიმდინარე წელს სპეციალური მისიით ორჯერ იმყოფებოდნენ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში, არსებული ვითარების შეფასებისა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემის მიზნით“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

შეხვედრას ჯანმო-ს მხრიდან ესწრებოდნენ ევროპის რეგიონის ოფისის ჯანდაცვის პროგრამების ხელმძღვანელი ნინო ბერძული, ჯანმო-ს გადაუდებელი რეაგირებისა და დახმარების განყოფილების პროექტის მართვის ოფიცერი ნატალია დიმოვა ჩერტოიანოვა და ჯანმო-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი სილვიუ დომენტე, ხოლო საქართველოს მხრიდან – პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის აპარატის უფროსი სალომე გაგუა.