გიორგი გახარია - ჯანდაცვის სამინისტროსა და პირველად სამედიცინო მომსახურებასთან ერთად, 112 არის კორონავირუსთან ბრძოლის პირველი ხაზი
გიორგი გახარია - ჯანდაცვის სამინისტროსა და პირველად სამედიცინო მომსახურებასთან ერთად, 112 არის კორონავირუსთან ბრძოლის პირველი ხაზი

ჯანდაცვის სამინისტროსთან და პირველად სამედიცინო მომსახურებასთან ერთად 112 არის სრულიად ახალი ხაზი, ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ეს არის კორონავირუსთან ბრძოლის პირველი ხაზი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, როგორც კი რომელიმე მოქალაქეს რაიმე სიმპტომი ექნება, სიცხის მატება, სუნთქვის გართულება, მას შეუძლია დარეკოს 112-ზე, ის მაშინვე დააკავშირებს ოჯახის ექიმთან ან სოფლის ექიმთან მისი რეგიონიდან.

„რამდენიმე ხნის წინ ჩაირთო ერთი ქოლცენტრი 144, რომლის ძირითადი ამოცანა იყო საგანგებო მდგომარეობის პირობებისა და საკანონმდებლო თავისებურებების შესახებ ჩვენი მოქალაქეებისთვის გაეცა პასუხი. ეს ქოლცენტრი მუშაობს, ზარების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირებულია. რადგან მოქალაქეებმა უკვე დეტალებში იციან საგანგებო მდგომარეობის საკანონმდებლო სპეციფიკა როგორია. ამაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და ძირითადი მიზანი გახლავთ 112. დღეს შემიძლია ოფიციალურად განვაცხადო, რომ 112-ის სახით, ჯანდაცვის სამინისტროსთან და პირველად სამედიცინო მომსახურებასთან ერთად, რაც ნიშნავს ოჯახის ექიმსა და სოფლის ექიმს, აეწყო სრულიად ახალი ხაზი. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ეს არის კორონავირუსთან ბრძოლის პირველი ხაზი. როგორც კი ჩვენს რომელიმე მოქალაქეს რაიმე სიმპტომი ექნება, სიცხის მატება, სუნთქვის გართულება, მას შეუძლია დარეკოს 112-ზე, ის მას მაშინვე დააკავშირებს ოჯახის ექიმთან ან სოფლის ექიმთან მისი რეგიონიდან. ზარი შემოდის თბილისში, საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან, ბრუნდება იმ გეოგრაფიაზე, საიდანაც ზარი ხორციელდება და ჩვენს მოქალაქეს აკავშირებს ოჯახის ექიმთან ან სოფლის ექიმთან. შემდგომ უკვე „ჩეკლისტის“ შესაბამისად ტარდება კონსულტაცია, თუ საჭიროა მოქალაქის გადაყვანა სტაციონარზე, მაშინ ის გადადის ცხელების ცენტრში, სადაც მასზე ყურადღება მახვილდება 24 საათის განმავლობაში და ამის შემდგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, სად უნდა გაანაწილონ, რომელ სტაციონარში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, მოქალაქეს, პირველივე სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში, შეუძლია, აიღოს ტელეფონი, დარეკოს 112-ზე და მიიღოს ძალიან მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება.

„ჩვენ ვიცავთ სასწრაფო დახმარების ქსელს, რომლის რესურსი ახლა დასაზოგია და, რა თქმა უნდა, სტაციონარებს. შემოსული 400 ზარიდან დაახლოებით 5-6% ბრუნდება უკან 112-ზე, რომ გადავიდეს სასწრაფოს მომსახურების დონეზე, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი ოჯახის ექიმები და სოფლის ექიმები უკვე სახლის პირობებში მართავენ პირველად სიმპტომებს, რომლითაც ჩვენი მოქალაქეები მიმართავენ მათ. ეს არის კორონავირუსთან ბრძოლის უმნიშვნელოვანესი ხაზი. სწორედ, ტელემედიცინა არის ის შესაძლებლობა, რომელიც სიმპტომების გაჩენისთანავე აძლევს მოქალაქეს შესაძლებლობას, რომ მიიღოს მაღალპროფესიონალური კონსულტაცია, გაერკვეს უნდა დარჩეს სახლში, თუ უნდა მიმართოს სტაციონარს. თუ მიმართავს ცხელების ცენტრს, მაშინვე ჩაუტარდება ტესტი და გაირკვევა, ეს არის კრონავირუსი, თუ სხვა რამ და აქედან გადანაწილდება სტაციონარში. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ის ცხრა სტაციონარი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით გამოყოფილია დღეს კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად, იყოს ზუსტად, მიზნობრივად დატვირთული. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. მინდა ყველას მოვუწოდო, რომ პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე, როდესაც თავს შეუძლოდ იგრძნობთ, ცოტა სიცხე გაქვთ, გიჭირთ სუნთქვა მაშინვე  დარეკეთ 112-ში, საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.