გიორგი გახარია ჯანდაცვის სამინისტროს, სამედიცინო პერსონალს, მესაზღვრეებს, მებაჟეებს, მოქალაქეებს მადლობას უხდის
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მადლობას უხდის ჯანდაცვის სამინისტროს, მთლიანად სამედიცინო პერსონალს, მესაზღვრეებსა და მებაჟეებს კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში გამოვლენილი მაღალი პროფესიული და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის.
კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მთავრობის მეთაურმა ასევე განსაკუთრებით აღნიშნა მოქალაქეთა კონსოლიდაციისა და კარანტინში მყოფი პირების პასუხისმგებლობის მაღალი დონე.
„პირველ რიგში, მადლობა ექიმებს, ექთნებს, მედდებს, განსაკუთრებული მადლობა ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლობისთვის და საკოორდინაციო ჯგუფში აქტიური მუშაობისთვის. რა თქმა უნდა, მადლობა თითოეულ სახელმწიფო მოხელეს, რომელიც საზღვარზე – მესაზღვრის ან მებაჟის ფუნქციით, აბსოლუტურად გულწრფელად და თავდადებით ასრულებს თავის ფუნქციებს ყოველდღიურად. ეს მადლობა გამომდინარეობს იმ ადამიანების შრომის ობიექტური შეფასებიდან, რომლებიც ყოველდღიურად ამ გამოწვევას ებრძვიან. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს არის საერთო გამოწვევა, რასაც ყველა პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეს. აქ არ არის პანიკის და შიშის ადგილი, საჭიროა ეფექტური შრომა. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს თითოეულ მოქალაქეს. მოქალაქეების მხრიდან ასეთი დონის კონსოლიდირება, როგორიც დღეს ჩვენ გვაქვს, კარგა ხანია არ ყოფილა. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ყველანაირი ანგაჟირებულობის გარეშე, თითოეული ჩვენგანი, იქიდან, სადაც ვართ – მოქალაქე, ექიმი, მედდა, მებაჟე, პოლიციელი, ყველა უნდა ვემსახუროთ სახელმწიფოს. ეს არის მთავარი ამოცანა და არ აქვს მნიშვნელობა, მთავრობის ნაწილი ვართ ჩვენ, სამოქალაქო სექტორის, ოპოზიციის თუ ის მოქალაქეები ვართ, რომლებიც ახლა კარანტინის ზონაში იმყოფებიან. განსაკუთრებული მადლობა მათ იმიტომ, რომ მათი პასუხისმგებლობა და თმენის ვალდებულება სრულად მისაღებია და ჩვენ ყველა ვგრძნობთ ამ პასუხისმგებლობას”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე.