გიორგი გახარია - ჯანდაცვის სამინისტრო და მთავრობა სრულად თანამშრომლობენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან
გადადგმული ნაბიჯები გვაძლევს გარანტიას, რომ ვმართოთ კორონავირუსთან დაკავშირებული პროცესი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„მინდა, იცოდეთ, რომ ის გეგმა, რომელიც შემუშავებულია მთავრობის მიერ, თანმიმდევრულად ხორციელდება. მოგეხსენებათ, რომ პირველი ნაბიჯი გახლდათ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან პირდაპირი ფრენების შეზღუდვა. ამის შემდგომ იყო მიღებული გადაწყვეტილება – ირანიდან პირდაპირი ფრენების შეზღუდვა და ბოლოს ჩვენ გუშინ მივიღეთ გადაწყვეტილება სახმელეთო მიმოსვლის დროებით შეჩერების თაობაზე ირანის მიმართულებითაც. ეს ის ნაბიჯებია, რომლებიც გვაძლევს გარანტიას, რომ ვმართოთ ეს პროცესი. ამასთან, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის გლობალური გამოწვევაა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო და მთავრობა სრულად თანამშრომლობენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან. ძირითადი რესურსი, ძირითადი ცოდნა, ძირითადი კომპეტენცია არის გამოყენებული, რათა ჩვენ ვიყოთ პასუხისმგებლიანი პარტნიორები, როგორც რეგიონში ასევე გლობალურად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.