გიორგი გახარია - ისტორიული მნიშვნელობის საკონსტიტუციო რეფორმა გავატარეთ, რაც ქვეყანას კიდევ უფრო სწრაფი ტემპით წაიყვანს დემოკრატიული განვითარების გზაზე
ჩვენ გავატარეთ ისტორიული მნიშვნელობის საკონსტიტუციო რეფორმა, რომლის შედეგადაც 2020 წლიდან საქართველო ევროპულ საპარლამენტო მმართველობაზე გადავიდა, ხოლო 2024 წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ ცვლილებით მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა შეძლო ის, რაც ქართული სახელმწიფოს 30-წლიანი არსებობის განმავლობაში ბევრმა პოლიტიკურმა ძალამ გააჟღერა, თუმცა, ვერავინ გაბედა, რომ აღესრულებინა.
„ქართველი ერი ძლიერი და თავისუფლების მოყვარულია, საქართველოს ისტორია – უძველესი, ქვეყანა კი – დემოკრატიული და მომავალზე ორიენტირებული. დღეს საქართველო თავს აცნობს მსოფლიოს როგორც ქვეყანა, რომელსაც დემოკრატიის ერთ-ერთი უმაღლესი სტანდარტი აქვს რეგიონში, მიღწევებით არ კმაყოფილდება და მუდმივად ისწრაფვის განვითარებისკენ. ჩვენ ყოველთვის ვიყავით და დღესაც ვართ დასავლური ფასეულობების მატარებელი ერი, რომელიც საქართველოს მიწაზე ორგანულად აზავებდა დასავლურ კულტურას და ცივილიზაციას აღმოსავლურთან. ჩვენ გავატარეთ ისტორიული მნიშვნელობის საკონსტიტუციო რეფორმა, რომლის შედეგადაც 2020 წლიდან საქართველო ევროპულ საპარლამენტო მმართველობაზე გადავიდა, ხოლო 2024 წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება.
აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილება საქართველოს უახლეს ისტორიაში შექმნის სრულიად ახალ, დასავლური საპარლამენტო დემოკრატიული სისტემისთვის დამახასიათებელ ანალოგს, რომელიც ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო სწრაფი ტემპით წაიყვანს დემოკრატიული განვითარების გზაზე. ამ ცვლილებით მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა შეძლო ის, რაც ჩვენი სახელმწიფოს 30-წლიანი არსებობის განმავლობაში ბევრმა პოლიტიკურმა ძალამ გააჟღერა, თუმცა, ვერავინ გაბედა, რომ აღესრულებინა. საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს იმისთვის, რომ ამ უმნიშვნელოვანესმა არჩევნებმა, რომლის ჩატარებაც გვიწევს პანდემიის პირობებში, ჩაიაროს თავისუფალ, მიუკერძოებელ, გამჭვირვალე და დემოკრატიულ გარემოში, სადაც საერთაშორისო დამკვირვებლების მაქსიმალური დასწრების ფონზე, საქართველოს ყველა მოქალაქეს მიეცემა შესაძლებლობა, თავისუფლად გამოხატოს საკუთარი პოლიტიკური ნება,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.