გიორგი გახარია - ირაკლი კობახიძემ გადადგა ღირსეული ნაბიჯი, ფაქტობრივად, ეს ადამიანი გუნდს გადაეფარა
ირაკლი კობახიძემ გადადგა ღირსეული ნაბიჯი, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი შეფასებით, ეს ღირსეული ნაბიჯი მოჰყვა კონკრეტულ ქმედებებს.
„ყველას კარგად გვახსოვს, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი, როდესაც რუსი დეპუტატი აღმოჩნდა საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში. მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი კობახიძეს ამ კონკრეტულ ქმედებაში საერთოდ არანაირი ფუნქცია არ ჰქონდა, ის საერთოდ ქვეყანაში არ იმყოფებოდა, ამ ადამიანმა გადადგა ღირსეული ნაბიჯი. ფაქტობრივად, ეს ადამიანი გადაეფარა გუნდს. ის პოლიტიკური ესკალაცია, რაც შემდგომ მოჰყვა და რისკები, რომელიც შეიქმნა, მან აბსოლუტურად სწორად შეაფასა და გადადგა ის ნაბიჯი, რომელიც, რა თქმა უნდა, არის ღირსეული ნაბიჯი“, – განაცხადა გახარიამ.
მისი შეფასებით, სამწუხაროდ, ამ ნაბიჯმა ვერ მოახერხა სიტუაციის დეესკალაცია, რადგან კონკრეტულმა პოლიტიკურმა ძალებმა ვითარების სხვა განზომილებაში გადაყვანა გადაწყვიტეს.
„სამწუხაროა, რომ ამ ნაბიჯმა შემდგომ ვერ მოახერხა სიტუაციის დეესკალაცია, რამეთუ კონკრეტულმა პოლიტიკურმა ძალებმა გადაწყვიტეს უკვე სულ სხვა განზომილებაში გადაეყვანათ ის სამწუხარო ქმედება, რომელიც განხორციელდა საქართველოს პარლამენტში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებთან.