გიორგი გახარია - იმედი გვაქვს, არ მივალთ გავრცელების ისეთ სისწრაფეზე, როდესაც მოგვიწევს სრული კარანტინის გამოცხადება, თუმცა ამას არ გამოვრიცხავ
გიორგი გახარია - იმედი გვაქვს, არ მივალთ გავრცელების ისეთ სისწრაფეზე, როდესაც მოგვიწევს სრული კარანტინის გამოცხადება, თუმცა ამას არ გამოვრიცხავ

იმედი გვაქვს, რომ მოვახერხებთ, ამ დონემდე არ მივიდეთ, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვაზე, რაზეა დამოკიდებული 24-საათიანი კომენდანტის საათის გამოცხადება.

„ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ინფექციის განვითარების სისწრაფე. ახლა ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ იმისთვის, რომ მოვახდინოთ ამ სისწრაფის რეგულირება. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, იმდენად მცირეა მონაცემები და იმდენად მცირეა ფუნდამენტური კვლევები ამ ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, ყველაფერი შეიძლება ჩაითვალოს რაღაც არასერიოზულ პროგნოზებად.

ყველაფერი იცვლება ყოველდღიურად. ამიტომ, ჩვენ მანუალურ რეჟიმში ვცდილობთ, რომ გამოწვევებიდან გამომდინარე ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს ისე, რომ ჩვენი ეკონომიკის მაქსიმალური გადაკეტვა არ დაგვჭირდეს. ამ ბალანსს ვცდილობთ. იმედი გვაქვს, რომ არ მივალთ ინფიცირებულების იმ რაოდენობაზე და გავრცელების ისეთ სისწრაფეზე, როდესაც მოგვიწევს სრული კარანტინის გამოცხადება, თუმცა ამას არ გამოვრიცხავ.

ყველაფერი არის დამოკიდებული ორ რამეზე, ჩვენი ჯანდაცვის სისტემის მზაობა რაოდენობრივად რამდენ ადამიანს ინფიცირებულს შეუძლია მოემსახუროს და რა სისწრაფით ვრცელდება ვირუსი. ესა არის ჩვენთვის დღეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი მდგენელი. ამ მდგენელების განვითარებიდან გამომდინარე, იქნება მიღებული ესა თუ ის გადაწყვეტილება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.