გიორგი გახარია - ჰააგის სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილება არის რუსეთის მიერ საქართველოში 2008 წელს ჩადენილი ომის დანაშაულების დასტური
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილება სამი დამნაშავის დაკავების შესახებ არის რუსეთის მიერ საქართველოში 2008 წელს ჩადენილი ომის დანაშაულების დასტური, – ამის შესახებ „ტვიტერზე“ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია წერს.
გახარიას შეფასებით, ჰააგის სასამართლოს პროკურორის მოთხოვნა 2008 წლის ომის საქმეზე სამი პირის დაკავების შესახებ არის საქართველოს კიდევ ერთი დიდი გამარჯვება.
„სამართალი აღსრულდა. საქართველოს კიდევ ერთი დიდი გამარჯვება. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილება სამი დამნაშავის დაკავების შესახებ არის რუსეთის მიერ საქართველოში 2008 წელს ჩადენილი ომის დანაშაულების დასტური. ვუსურვებ გამარჯვებას უკრაინას. დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას“, – წერს გახარია.
აგვისტოს ომის დროს ქართველი სამოქალაქო ტყვეების წამებისა და არასათანადო მოპყრობის ეპიზოდზე სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა სამი პირის მიმართ დაკავების ბრძანებები გამოსცა. პროკურორმა დაპატიმრების ორდერის გაცემა მოითხოვა შემდეგ პირებზე: მიხაილ მინძაევი 2005 წლიდან 2008 წლის ოქტომბრამდე ე.წ. სამხრეთ ოსეთის „შინაგან საქმეთა მინისტრი“ იყო. გამლეტ გუჩმაზოვი ე.წ. სამხრეთ ოსეთის „შინაგან საქმეთა სამინისტროს“ წინასწარი დაკავების იზოლატორის უფროსი იყო, ხოლო დავიდ სანაკოევი ე.წ. სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტის“ წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში.