გიორგი გახარია - გვაქვს შესაძლებლობა, რომ როგორც პირველ ტალღას გავუმკლავდით წარმატებულად, ზუსტად იგივე გავაკეთოთ ერთად მეორე ტალღის პერიოდში
გვაქვს შესაძლებლობა, რომ როგორც პირველ ტალღას გავუმკლავდით წარმატებულად, ერთად, ზუსტად იგივე გავაკეთოთ ერთად მეორე ტალღის პერიოდში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა მსოფლიოსა და საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარების შესახებ ისაუბრა.
„ჩვენ გვქონდა საბჭოს სხდომა დღეს, რომელმაც იმსჯელა მიმდინარე ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე. დღეს, სამწუხაროდ, მსოფლიოში ახალი ქეისების მორიგი ახალი ანტირეკორდია. ყველანი ერთად ვხედავთ და თვალყურს ვადევნებთ, როგორ მიმდინარეობს ევროპაში კონკრეტული, წერტილოვანი შეზღუდვები, ზოგ შემთხვევაში ლოკდაუნებიც. სამწუხაროდ, უკვე რვა ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც მილიონიან ნიშნულს გადააჭარბა ინფიცირებულთა რაოდენობით. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ზრდის გამოწვევებს, როგორც გლობალურს, ასევე ჩვენი ქვეყნის წინაშეც.
მოგეხსენებათ, ჩვენც საკმაოდ მაღალი ციფრები გვაქვს ინფიცირებულების, ახალი ქეისების, თუმცა ამ ბოლო დროს, ჩვენთან შეინიშნება და შეიმჩნევა საკმაოდ ფრთხილი, პოზიტიური ნიშნები, რომელიც მდგომარეობს პირველი – ჩვენი გამოჯანმრთელებული მოქალაქეების რაოდენობის ზრდაში და მეორე – გათანაბრებულ, დასტაბილიზირებულ ინფიცირების ახალ შემთხვევებში. ტესტირების რაოდენობა ქვეყანაში იზრდება, მაგალითად, გუშინ იყო გაკეთებული 11 ათასი ტესტი, გუშინ იყო გაკეთებული ცხრა ათასი ტესტი, ჩვენ ვმერყეობთ რვიდან 11 ათას ტესტს შორის ყოველდღიურად. ეს არ არის ვინმეს დამსახურება, ეს არ არის მთავრობის ან ცალკე აღებული სამინისტროს დამსახურება, ეს ყველას, ჩვენი საერთო დამსახურებაა“, – განაცახდა გახარიამ.
მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი არის პირბადის ტარება როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებში.
„მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა უფრო ხშირად დაიწყეს პირბადის ტარება. პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირია, პირბადის ტარებასა და ინფექციის გავრცელების სისწრაფეს შორის. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ვატაროთ პირბადე როგორც დახურულ შენობაში, ასევე ღია სივრცეში. ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა, პირველ რიგში ჩვენი თანამოქალაქეების, ახლობლების ჯანმრთელობის წინაშე და ასევე ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარების წინაშე. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მინიმალური ზიანი მივაყენოთ ქვეყნის ეკონომიკას. ამიტომ, ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა და შეგვიძლია, როგორც პირველ ტალღას გავუმკლავდით წარმატებულად, ერთად, ზუსტად იგივე გავაკეთოთ ერთად, მეორე ტალღის პერიოდში, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, ბიზნესთან ერთად, შესაბამის სამინისტროებთან, ექიმებთან, პოლიციასთან ერთად, ყველამ ერთად დავიცვათ მაქსიმალური წესები. ეს არ არის რთული წესები. დღესდღეობით, ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ პირბადის ტარება ნებისმიერ სივრცეში, როგორც დახურულში, ასევე ღია სივრცეებში, სამწუხაროდ, უფრო ეფექტური გამოგონილი ვერ იქნა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.