გიორგი გახარია - გვაქვს შემთხვევა, როდესაც კორონავირუსით სამედიცინო სექტორის თანამშრომელია ინფიცირებული
ერთი შემთხვევა გვაქვს, როდესაც სამედიცინო სექტორის თანამშრომელი არის ინფიცირებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულია უკვე 100 ადამიანი.
„უკვე გვყავს ასი ინფიცირებული. მიუხედავად იმისა, რომ გვყავს 18 გამოჯანმრთელებული, დინამიკა ინფიცირებულების ზრდის არის შემაშფოთებელი. დღეს არის შემთხვევა, როცა გვაქვს სამი შემთხვევა, რომლის წარმომავლობას ვერ ვადგენთ. როდესაც მსგავსი ინფიცირების შემთხვევა იყო, მარნეულში მივიღეთ ღონისძიებები – მარნეული და ბოლნისი გამოცხადდა საკარანტინო ზონად. ეს გვაძლევს ყველა სხვა მოცემულობასთან ერთად შემდგომი აუცილებელი ნაბიჯების გამკაცრების შესაძლებლობას. გარდა ამისა, ყველას გვესმის, რომ ამ ბრძოლაში, რომელიც არის გლობალური, ჩვენ შეგვიძლია გავიმარჯვოთ, არამარტო მედიკოსების გმირული, ყოველდღიური, 24-საათიანი შრომით, არამარტო სახელმწიფო უწყებების, პოლიციის შრომით, არამედ ერთად, შეთანხმებით ჩვენს საზოგადოებასთან და მოქალაქეებთან, ეს არის ერთობლივი პრობლემა და გამოწვევა, რომელსაც ერთობლივად უნდა ვუპასუხოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.