გიორგი გახარია - გუშინ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, შვიდი ათასზე მეტი ტესტი გაკეთდა, რაც ეპიდემიოლოგიურ სურათს უკეთესად დაგვანახებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, გასული დღის განმავლობაში ქვეყანაში, სულ 7186 ტესტი გაკეთდა, რომლის პასუხებიც დღის განმავლობაში იქნება.
„სამწუხაროდ, ისევ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობით უნდა დავიწყო. მოგეხსენებათ, გუშინ გვქონდა ინფიცირების შემთხვევების ზრდა, დღეს გვაქვს 20 ახალი შემთხვევა, რაც არის უაღრესად საყურადღებო. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნო, რომ გუშინ მთელი ქვეყნის მასშტაბით გაკეთდა შვიდი ათასზე მეტი ტესტი, ზუსტად რომ გითხრათ 7186 ტესტი, რომელზეც პასუხები გვექნება დღის დღის მეორე ნახევარში, რაც ეპიდემიოლოგიურ სურათს უკეთესად დაგვანახებს. ყველას უნდა გვესმოდეს, რასაც ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ გლობალური პანდემია არის გამოწვევა, რომელთან ერთადაც ჩვენ მოგვიწევს ცხოვრება, როგორც ჩანს წელიწადი, წელიწად-ნახევარი. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ძირითადი ამოცანაა, სწორად ვმართოთ რისკები. ვერავინ, მათ შორის ვერც საქართველო ცალკე აღებული, გლობალურ პანდემიას ვერ დაამარცხებს, რამეთუ ეს არის გლობალური გამოწვევა და რისკი“, – განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, საქართველოს წარმატება კორონავირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით უნდა შენარჩუნდეს, რაშიც მოქალაქეებმა მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულონ.
მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს გარკვეული წარმატებები და დღეს საქართველო აღიარებულია ერთ-ერთ წარმატებულ ქვეყანად ეპიდემიის რისკების მართვის, ისევე როგორც ეკონომიკური რისკების შემსუბუქების. მოგეხსენებათ, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ორმა საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციამ საქართველოს შეუნარჩუნა რეიტინგი, საინვესტიციო რეიტინგი, რაც რა თქმა უნდა, მიღწევაა. უაღრესად ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ იმ მოთხოვნებს, რომელიც აქვთ ეპიდემიოლოგებს და არ აქვს მნიშვნელობა სად ვართ, თბილისში, ბათუმში, თელავში თუ სხვაგან, უნდა დავიცვათ სოციალური დისტანცია, უნდა ვატაროთ პირბადეები, არა ფორმალურად, არამედ, როგორც ამას ექიმები და ეპიდემიოლოგოები რეკომენდაციას უწევენ“, – განაცხადა გახარიამ.