გიორგი გახარია - გუნდური, ეფექტური მუშაობის შედეგად, რაჭის სოფლებში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს უფრო ადრე მივეცით ცხოვრების ნორმალურ წესზე გადასვლის შესაძლებლობა
ფაქტობრივად, მოწყვეტილი სოფლები ეტაპობრივად, ნელ-ნელა უკვე ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდებიან. კიდევ ერთი კვირა და აქ სიწყნარე და სიმშვიდე იქნება, შემდეგ უკვე ინფრასტრუქტურის სამინისტრო სისტემურად გააგრძელებს დაზიანებული მაგისტრალური ინფრასტრუქტურის აღდგენას, ამას დასჭირდება თვეები და ათობით მილიონი ლარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ რაჭაში განაცხადა.
პრემიერ-მინისტრი რაჭაში დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენით სამუშაოებს ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან და მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძესთან ერთად გაეცნო.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, შტაბის მუშაობა იყო საკმაოდ ეფექტური და სტიქიის შედეგად მოწყვეტილ სოფლებთან მიმოსვლა დაგეგმილზე ადრე აღდგა.
„შტაბის მუშაობა საკმაოდ ეფექტური იყო, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვთქვით, რომ დაახლოებთ ერთი თვე დაგვჭირდებოდა გზების აღსადგენად. დღეს, მე რაც ვნახე, ფაქტობრივად, მაღალი გამავლობის მანქანისთვის ყველა სოფელი მისაწვდომია, შესაბამისად, ვერტმფრენები აღარ დაგვჭირდება და სოფლებთან გადაადგილება იქნება მაღალი გამავლობის მანქანებით. მსუბუქი მანქანებისთვის ალბათ დაგვჭირდება კიდევ 3-4 დღე. აღდგენილია ელექტროენერგია და წყალმომარაგება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, ფაქტობრივად, მოწყვეტილი სოფლები ეტაპობრივად, ნელ-ნელა უკვე ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდებიან.
„კიდევ ერთი კვირა და აქ ყველაფერი აღდგება, სიწყნარე და სიმშვიდე იქნება. შემდეგ უკვე ინფრასტრუქტურის სამინისტრო სისტემურად გააგრძელებს დაზიანებული მაგისტრალური ინფრასტრუქტურის აღდგენას, ამას დასჭირდება თვეები და ათობით მილიონი ლარი. მინდა, მადლობა გადაუხადო ყველას, ვინც ამ პროცესშია ჩართული, ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, კერძო კომპანიას, რომელმაც ასევე ძალიან აქტიურად იმუშავა, შტაბის თითოეულ წარმომადგენელს, საგანგებო სამსახურს და ჩვენს მაშველებს, რომლებიც ფაქტობრივად ყოველდღიურ რეჟიმში თითოეულ სოფელში მიდიოდნენ და ხალხთან წამლიდან დაწყებული ყველაფერი მიჰქონდათ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთმა გუნდურმა, ეფექტურმა მუშაობამ მოგვცა შედეგი, რომ ჩვენ ცოტა უფრო ადრე მივეცით მოწყვეტილ სოფლებში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს შესაძლებლობა, რომ ცხოვრების ნორმალურ წესზე გადავიდნენ. რამდენიმე დღის მონაცემებით, მე რაც ვნახე, დაახლოებით ალბათ ორ სოფელში 12 ოჯახი იქნება გასასახლებელი, ეს პროცესი დაწყებულია, დღეს დავალება მიეცა ადგილობრივ თვითმმართველობას და დღეიდან ყოველდღიურ სატელეფონო კავშირზე იქნებიან ამ ადამიანებთან იქ რაიმე რისკი რომ არ შეიქმნას, ერთი ბზარი და სასწრაფო რეაგირება უნდა იყოს, თუ უკვე გასასახლებელია, სასწრაფოდ ქირით გადაიყვანენ, პროცესი კონტროლზეა და ჩვენ შეგვიძლია უკვე ვთქვათ, რომ სტიქიის შედეგების აღმოფხვრის პირველ ეტაპს ალბათ კიდევ დასჭირდება ერთი კვირა,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.