გიორგი გახარია - გპირდებით, რომ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით კონკრეტულ შედეგებს მივაღწევთ
გპირდებით, რომ ჩვენ კონკრეტულ შედეგებს მივაღწევთ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მონაწილეებს განუცხადა.
„ასევე ვთანხმდებით იმაზე, რომ თუ ეს დაპირებები არ შესრულდება, ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია ამ თავისუფალ ქალაქში, თავისუფალი პარლამენტის წინ, ისევე შევიკრიბოთ, ვიცეკვოთ ან მოვუსმინოთ მუსიკას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ამასთან, მინისტრმა „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მონაწილეებს ბოდიში მოუხადა და მოუწოდა, მათაც მოუხადონ ბოდიში იმ სამართალდამცველებს, რომლებსაც შეურაცხყოფა მიაყენეს.
„მოდით, მაშინ დავიწყოთ ბოდიშით. ბოდიში. თუმცა, მე ვიხდი ბოდიშს არა მხოლოდ ჩემი სახელით, არამედ თუ რომელიმე თქვენგანს ან თქვენს უსაფრთხოებას რისკი შეუქმნა შინაგან საქმეთა სამინისტროს რომელიმე წარმომადგენელმა.
თუმცა, მინდა ასევე გითხრათ და გთხოვოთ თქვენ, მხოლოდ მათ, რომლებმაც ასევე მიაყენეთ შეურაცხყოფა ფორმიან ადამიანს, რომელიც იცავდა სხვა ადამიანის უფლებებს, ასევე მათაც ვუთხრათ ბოდიში.
კარგით, ეს თქვენი არჩევანია. გავაგრძელოთ საქმეზე საუბარი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ყველას საერთო ამოცანაა, საღამო მშვიდობიანად დასრულდეს.
„თქვენ იცით, რომ უკვე მეორე დღეა, თქვენი გამოხატვის თავისუფლება აქ, ამ მოედანზე არავის შეუზღუდავს. ასევე იცით, რომ თითოეული პოლიციელი დღეს აქ და გუშინაც ზრუნავდა თქვენს უსაფრთხოებაზე. ახლა იმისთვის, რომ ჩვენ ყველამ მივაღწიოთ ჩვენს მიზანს, რომელიც გახლავთ, რომ ერთობლივად ვიპოვოთ სწორი გამოსავალი იმ საკმაოდ რთული ამოცანებიდან, რომლებიც ჩვენს წინაშე ერთობლივად დგას, უბრალოდ უნდა გადავინაცვლოთ უფრო სამუშაო რეჟიმში.
ამიტომ მე ჩემი მხრიდან გპირდებით, რომ ხვალ, დილით 10:00 საათზე, თქვენს წარმომადგენლებთან ერთად, რომელსაც თქვენ აირჩევთ, დეტალურად განვიხილავ პარასკევი დღის ყოველ წუთს და ყველა ის ადამიანი, რომელიც ერთობლივად შევთანხმდებით, რომ უფლება დაირღვა, რა თქმა უნდა, უფლება აღდგენილი იქნება.
მე ასევე გპირდებით, რომ ჩვენ კონკრეტულ შედეგებს მივაღწევთ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით.
და მესამე – ასევე ვთანხმდებით იმაზე, რომ თუ ეს დაპირებები არ შესრულდება, ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია ამ თავისუფალ ქალაქში, თავისუფალი პარლამენტის წინ, ისევე შევიკრიბოთ, ვიცეკვოთ ან მოვუსმინოთ მუსიკას“, – განაცხადა შს მინისტრმა.
გიორგი გახარიამ აქციის მონაწილეებს სთხოვა, პოლიციის მითითებებს დაემორჩილონ, რათა მათი და ყველა მოქალაქის უსაფრთხოება დაცული ყოფილიყო.
„ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა მეორე ამოცანა ან მესამე და პირველი ხარისხის ამოცანა, რომელზეც ვისაუბრეთ, იქნება უკვე უმნიშვნელო, რადგან თითოეული ქართველი მოქალაქის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია და არ აქვს არანაირი მნიშვნელობა მის ორიენტაციას, რელიგიურ მრწამსსა თუ ასაკს.
რა თქმა უნდა, მინდა მივმართო ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, რომელიც დღეს მთელს რუსთველის ქუჩაზეა შეკრებილი. ჩვენ ყველა ერთად უნდა ვეცადოთ და შევინარჩუნოთ ის მიღწევები თავისუფლებისა და გამოხატვის, რომელიც გვაქვს, არ უნდა შევიდეთ კონფლიქტში, რომელიც მხოლოდ დაგვაკარგვინებს დროს. ამიტომ კიდევ ერთხელ გთხოვთ, დავემორჩილოთ ამ წუთიდან პოლიციის მითითებებს.
ხვალ იმ დაპირებებისა და პირობების გათვალისწინებით, რაც გაიცა ჩვენი მხრიდან, მივცეთ საშუალება თბილისს, რომ იცხოვროს ჩვეულებრივი სამუშაო ნორმალური ორშაბათი დღით.
თქვენ ხართ ამ ქვეყნის მომავალი და ჩვენ ყველას ერთად უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ადამიანი, რომელიც დღეს დგას ქუჩაში, არის ძალზე ფასეული ამ ქვეყნის მომავლისთვის, ამიტომ ვცეთ ერთმანეთს პატივი და გავუფრთხილდეთ ერთმანეთის უსაფრთხოებას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.