გიორგი გახარია შაქარაშვილის საქმეზე - ვინაიდან საარჩევნო პროცესში ვიმყოფებით, სამწუხაროდ, ხდება საკითხის პოლიტიზება
სამართალდამცავ სისტემას აქვს სრული პასუხისმგებლობა, რომ უმოკლეს ვადაში ეს ყველაფერი იყოს გამოძიებული და კითხვები არ დარჩეს უპირველესად ოჯახს და რა თქმა უნდა, საზოგადოებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, სამწუხაროდ, ხდება აღნიშნული საკითხის პოლიტიზება.
„ამ საკითხზე საუბრის ამოწურვა შეუძლებელია. რა თქმა უნდა, ეს არის უაღრესად დიდი ტრაგედია. ეს არ არის ცალკე აღებული, კონკრეტული ოჯახის ტრაგედია, ეს ქვეყნის ტრაგედიაა. სამართალდამცავ სისტემას აქვს სრული პასუხისმგებლობა, რომ უმოკლეს ვადაში ეს ყველაფერი იყოს გამოძიებული და კითხვები არ დარჩეს, უპირველეს ყოვლისა, ოჯახს და რა თქმა უნდა, საზოგადოებას. ეს არის სამართალდამცავი სისტემის პასუხისმგებლობა და მერწმუნეთ, ამ სისტემას ეს პასუხისმგებლობა სრულად აქვს გააზრებული. ჩვენ არ უნდა დავტოვოთ არანაირი სივრცე საკითხის პოლიტიზებისთვის. სამართალდამცავმა სისტემამ და გამოძიებამ ეს სივრცე არ უნდა დატოვოს. ვინაიდან ჩვენ საარჩევნო პროცესში ვიმყოფებით, სამწუხაროდ, ხდება ამ საკითხის პოლიტიზება. ეს არ არის მხოლოდ ოჯახის ტრაგედია, ეს ქვეყნის ტრაგედიაა და ჩვენ, მოქალაქეებმა, საკუთარი ზრუნვა ოჯახზე უპირველესად უნდა გამოვხატოთ იმით, რომ ცოტა გავუფრთხილდეთ ამ ადამიანების მორალურ მდგომარეობას“, – განაცხადა პრემიერმა.