გიორგი გახარია გიგა ბოკერიას - ის თემაც არ გაინტერესებთ, სადაც პოზიტური როლი გაქვთ შესრულებული, პოზიტიური როლი საერთოდ არ გაინტერესებთ
ბატონო გიგა, თქვენ ისიც არ გაინტერესებთ, სადაც თქვენ პოზიტური როლი გაქვთ შესრულებული, რადგან პოზიტიური როლი საერთოდ არ გაინტერესებთ, – ასე მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ „ევროპულის საქართველოს“ წევრს გიგა ბოკერიას, რომელმაც პარლამენტში ვიდეკოლაჟი წარმოადგინა.
როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ვიდეოკოლაჟში ასახულია, როგორ ესხმიან თავს პოლიციელებს და დასჯილი ამისთვის არავინ არის.
„იმ ვიდეოებზე, ფილმი რომ გვანახეს, გეტყვით, რა მოქმედებს და როგორ. 2018 წელს თქვენ შსს-მ მოგმართათ ინიციატივით, ადმინისტრაციულ კოდექსში შეიტანა ცვლილება და გაამკაცრა პოლიციელის შეურაცხყოფა. თქვენ მოგვეხმარეთ ამაში. ამის შემდგომ, ამ მუხლით, 2018 წელს შსს-მ პასუხისგებაში მისცა 400 ადამიანი, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა და დააკავა 100-ზე მეტი ადამიანი პოლიციელის შეურაცხყოფის, წინააღმდეგობის გაწევის ან თავდასხმისთვის. ახლა შეხედეთ, ბატონო გიგა, თქვენ პოზიტიური დღის წესრიგი ქვეყნის, ამ ცირკს რომ ანახებთ აქ, ესეც უნდა თქვათ, არ გაინტერესებთ. მათ შორის, ისიც არ გაინტერესებთ, სადაც თქვენ პოზიტური როლი გაქვთ შესრულებული, რადგან პოზიტიური როლი საერთოდ არ გაინტერესებთ, ესეც გასაგებია. ამაში განა რაიმე ცუდია, ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ტექნოლოგია, სტრატეგია გაქვთ აღებული, მოსულა. აქ ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ ვხედავ. არც მიფიქრია, რა საჭიროა თქვენი ფსიქოანალიზი“, – მიმართა გახარიამ გიგა ბოკერიას.
შს მინისტრის გაცხადებით, 2018 წლის არჩევნები, რაც დაფიქსირებულია ეუთო-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებში, იყო ფიზიკური ძალადობისგან ყველაზე სუფთა არჩევნები.
„ეს იყო პირველი არჩევნები, მაგასაც არ კითხულობთ, როდესაც სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო ყველა ძალადობის ფაქტზე, 22 ადამიანზე, როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ“, – განაცხადა გახარიამ.