გიორგი გახარია - ღირსება, კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი, ეს არის სამი ძირითადი პრინციპი, რომლითაც შევძლებთ ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას
პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია სამეგრელოში იმყოფება და მხარდამჭერებთან შეხვედრებს განაგრძობს.
გახარიამ პარტია „საქართველოსთვის“ ახალი ოფისები დღეს სენაკსა და ხობში გახსნა და მედიის შეკითხვებსაც უპასუხა.
„პრობლემები, რომლებიც ხალხს აქვს, მოგვარებადია და მოგვარებადია საკმაოდ სწრაფად, იმ შემთხვევაში თუ, ძირითადი პრინციპი ნებისმიერი ხელისუფლების, არ ვსაუბრობ ახლა ჩემზე – ნებისმიერი ხელისუფლების პრინციპები იქნება, ღირსება, კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი, ეს არის ის სამი ძირითადი პრინციპი, რომელზე დაყრდნობითაც, დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას“, – აცხადებს გახარია მედიის კითხვის საპასუხოდ, რამდენად მოგვარებადია მოსახლეობის წინაშე მდგარი პრობლემები.
„როდესაც ვსაუბრობ ძლიერ სახელმწიფოზე, ვგულისხმობ ძლიერ სახელმწიფო ინსტიტუტებს. ყველას ძირითადი გამოწვევა სამწუხაროდ სუსტი სახელმწიფო ინსტიტუტები და სახელმწიფოა, რომელიც თავის ძირითად, საბაზისო ფუნქციებს ვერ ასრულებს. ამაში დამნაშავეა კორუფციული პრობლემები, ნეპოტიზმი და პროფესიონალიზმის პრობლემა. მაგრამ ეს ყველაფერი მოგვარებადია“, – ამბობს გახარია.