გიორგი გახარია გერმანიის ელჩს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის საერთაშორისო ფორმატებში მაღალ დონეზე დაყენების მნიშვნელობაზე ესაუბრა
საქართველოს მთავრობა განსაკუთრებით აფასებს გერმანიის მხარდაჭერას ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე და მზად არის არსებული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საქართველოში გერმანიის ელჩ ჰუბერტ ქნირშთან შეხვედრისას განაცხადა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა როგორც ორმხრივი თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე, ისე მრავალმხრივი ფორმატების ფარგლებში მჭიდრო პარტნიორობაზე.
ხაზგასმით აღინიშნა განათლების სფეროში არსებული თანამშრომლობა, ასევე გერმანიის ფინანსური და ტექნიკური დახმარების მნიშვნელობა.საუბარი შეეხო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს.
პრემიერმა ასევე ისაუბრა ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკაზე, რომელიც ევროკავშირთან კიდევ უფრო მეტ დაახლოებას ისახავს მიზნად.
შეხვედრისას განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მძიმე ვითარება და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, ასევე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმართულებით საოკუპაციო ძალების მიერ გადადგმული დესტრუქციული ნაბიჯები. გიორგი გახარიამ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი დასავლელი პარტნიორების მიერ საქართველოს საკითხის მაღალ დონეზე დაყენების მნიშვნელობას როგორც საერთაშორისო, ისე რუსეთთან ორმხრივ ფორმატებში.
ელჩმა ქნირშმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.