გიორგი გახარია - გავითვალისწინოთ ყველაფერი, რასაც ეპიდემიოლოგები გვირჩევენ, რათა თავიდან არ მოგვიწიოს ეკონომიკური შეზღუდვების დაწესება, ეს არავის გვინდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, პანდემია ჯერ დასრულებული არ არის და საქართველოში კორონავირუსი არ დამარცხებულა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა დაიცვან წესები და საკუთარ თავს შეზღუდვები დაუწესონ, რათა ვირუსის გავრცელების რისკები შემცირდეს.
„რეალურად, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ როცა ქვეყანაში ეკონომიკური შეზღუდვები მოვხსენით და მობილობა გაიზარდა, ინფიცირებულების რაოდენობა გაგვეზრდება. ჩვენი პასუხისმგებლობა და მზაობა უნდა იყოს უფრო მეტი. პირიქით, უფრო ფრთხილად, უფრო მომზადებულები უნდა ვიყოთ, უფრო უნდა გავითვალისწინოთ ყველაფერი, რასაც ეპიდემიოლოგები გვირჩევენ – პირბადე, სოციალური დისტანცია და ა.შ.
ეს არის ის პასუხისმგებლობა, რომელიც დღეს აუცილებელია, რათა კიდევ ერთხელ თავიდან არ მოგვიწიოს ეკონომიკური შეზღუდვების დაწესება, ეს არავის გვინდა.
უბრალოდ ცოტა მეტი ძალა უნდა დავატანოთ ჩვენს თავს, ცოტა უფრო სერიოზულად უნდა აღვიქვათ რაღაცები, ცოტა მეტი ორგანიზებულობა გამოვიჩინოთ და ცოტა მეტი პასუხისმგებლობა იმისთვის, რომ რაღაცას თუ მივაღწიეთ, კი არ ვიამაყოთ იმით, რომ რაღაცას მივაღწიეთ, არამედ შევინარჩუნოთ და ჩვენს მოქალაქეებს მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ იშრომონ და ოჯახში შემოსავალი შეიტანონ.
მართლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ეს, უკიდურესად მნიშვნელოვანია. არ არის ეს ზედმეტი მოთხოვნა. იქ, სადაც შესაძლებელია დისტანციურად შრომა, უნდა ვიყოთ დისტანციურად, იქ, სადაც არ არის საჭირო ეს დიდი სოციალური შეკრებები, არ უნდა ვიყოთ ასეთ დიდ სოციალურ შეკრებებზე.
არ არის საჭირო დიდი დაბადების დღეების და კიდევ რაღაცების გადახდა. უბრალოდ უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და მეტი პასუხისმგებლობა გვქონდეს ერთმანეთის მიმართ. მართლა ასეა, გარწმუნებთ, რომ ახლა არის შესაძლებლობა, ახლა უფრო მეტი აუცილებლობაა იმის, რომ ერთმანეთზე ვიზრუნოთ“,- განაცხადა გახარიამ.
გახარიას თქმით, მობილობის გაზრდასთან ერთად, პასუხისმგებლობაც მეტი უნდა იყოს.
„ახლა, როდესაც უკვე მოვხსენით ყველაფერი, იმიტომ რომ ადამიანებმა ოჯახები არჩინონ და ყველა მოძრაობს, უკვე ჩვენ ჩვენს თავს უნდა დავუწესოთ თვითშეზღუდვა. ეს უნდა იყოს თითოეული მოქალაქის აბსოლუტურად გააზრებული და ნებაყოფლობითი ნაბიჯი. ეს თვითშეზღუდვა არის ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ვიზრუნოთ ერთმანეთზე. ხომ გიხარიათ, რომ სახელმწიფომ უცებ აღმოაჩინა ასეთი შესაძლებლობა და იზრუნა თავის მოქალაქეებზე, ახლა ერთამენთზე უნდა ვიზრუნოთ. ახლა უბრალოდ უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე აქ, ამ ქვეყანაში, ამ ქალაქში და ამ პირობებში, რა პირობებშიც ახლა ვცხოვრობთ“,- განაცხადა გიორგი გახარიამ პანდემიის პერიოდში სახელმწიფოს ორგანიზებით საქართველოში დაბრუნებულ მოქალაქეებთან შეხვედრაზე.