გიორგი გახარია - გაორმაგებული პასუხისმგებლობა გვმართებს, რათა ვირუსის გავრცელების კონტროლის შედეგები შევინარჩუნოთ
მობილობა არის ძალიან მაღალი, შესაბამისად მოქალაქეებსაც და ალბათ კომპანიებსაც მაქსიმალური პასუხისმგებლობისკენ უნდა მოვუწოდოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
„დღეს ორი ახალი შემთხვევა გვაქვს, გუშინ გვქონდა რვა. ასე თუ ისე წყაროს ვხედავთ, თუმცა, ინფორმაციულად, რაც გროვდება, მობილობა არის ძალიან მაღალი. შესაბამისად, მოქალაქეებსაც და ალბათ კომპანიებსაც მაქსიმალური პასუხისმგებლობისკენ უნდა მოვუწოდოთ. რთულ პერიოდში შევდივართ, მსოფლიოში გლობალურად ციფრები, რაც დღეს ვნახე, იზრდება, უკვე ცხრა მილიონზე მეტია, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისი თქმით, ვირუსის გავრცელების კონტროლის ის შედეგები, რომელიც ქვეყანას აქვს, უნდა შევინარჩუნოთ.
„რეალურად, ვირუსის გავრცელების ტემპი არ იკლებს. ჩვენთან რეგიონში, მეზობელ ქვეყნებში იზრდება და ჩვენ გაორმაგებული პასუხისმგებლობა გვმართებს. პირველ რიგში იმიტომ, რომ ვირუსის გავრცელების კონტროლის ის შედეგები, რომელიც გვაქვს, შევინარჩუნოთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მთავრობის, მოქალაქის და დამსაქმებლის, კომპანიების პირდაპირი პასუხისმგებლობის ზონაა და ეს პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გადავინაწილოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.