გიორგი გახარია - განვახორციელეთ სისტემური რეფორმები, როგორიცაა მიწის რეგისტრაცია, ჩვენი გრძელვადიანი ამოცანა არის სოფლის მეურნეობის ინდუსტრიალიზაცია
სოფლის მეურნეობა იყო მეორე მიზნობრივი მიმართულება და ჯგუფი, რომელსაც სახელმწიფო უნდა დახმარებოდა, ჩვენ ეს ნაბიჯები გადავდგით. სოფლის მეურნეობის დახმარებას აქვს აბსოლუტურად გააზრებული გეგმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც „კოვიდ-19“-ის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარადგინა.
როგრც მან აღნიშნა გრძელვადიანი ამოცანა სოფლის მეურნეობის ინდუსტრიალიზაციას გულისხმობს.
„ჩვენი გრძელვადიანი ამოცანაა სოფლის მეურნეობის ინდუსტრიალიზაცია. ყველას გვესმის, რომ საქართველოში სისტემური პრობლემაა მიწის რეგისტრაცია და ამიტომ სოფლის მეურნეობის მხარდაჭერასთან ერთად, ჩვენ ეს თანხა ასე არ გადაგვიგდია და არ გვიჩუქებია, სისტემური რეფორმები განვახორციელეთ, როგორიცაა მიწის რეგისტრაცია და ამავე დროს, ჩვენ თითოეულ ფერმერს ვუთხარით, რომ თუ არ გაქვს დარეგისტრირებული მიწა და წლის ბოლომდე დაირეგისტრირებ, გახდები ფერმერი, ამ წლის შემდგომაც დახმარებას ერთ ჰექტარზზე 200 ლარს, რა თქმა უნდა, მიიღებ. ეს არის პირდაპირი მოტივაცია ფერმერებისა, დაარეგისტრირონ მიწა. იუსტიციის სამინისტრო სრულად არის მზად, რომ მიეხმაროს მათ და მეორე – გახდნენ ფერმერები იმისთვის, რომ სისტემურად მოიხმარონ ის სერვისები, რომლებსაც სოფლის მეურნეობას შესაბამისი უწყებები აწვდიან,- განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ მიწაზე და რომელთა ხარჯებში აგროდიზელი არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი გასავალი, საბაზრო ფასთან შედარებით, ერთ ლარამდე შეღავათი ექნებათ.
„რაც შეეხება აგროდიზელს, რაც არ უნდა მანიპულაციები და სპეკულაციები მოხდეს ამ თემით, შედეგი იქნება შემდეგი. ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ მიწაზე და, რომელთა ხარჯებში აგროდიზელს აქვს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი გასავალი, საბაზრო ფასთან შედარებით, რომელიც იქნება დაფიქსირებული ბენზინგასამართ სადგურებზე, ექნებათ ერთ ლარამდე შეღავათი. ეს არ არის ანტიკრიზისული გეგმა, დროში ჩაკეტილი, ეს არის სისტემური გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო საქართველოს მთავრობამ და გაგრძელდება კრიზისის გადალახვის შემდეგაც. როგორ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული და როგორ განხორციელდება მალე ყველა ნახავთ. შეჯამებისთვის, ქართველი ფერმერისთვის, გლეხისთვის, ადამიანისთვის, რომელიც მუშაობს მიწაზე და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი მიზანია სოფლის მეურნეობის ინდუსტრიალიზაცია, თუმცა ქართველ ადამიანს, კაცს მიწასთან ცოტა უფრო ემოციური დამოკიდებულება აქვს. ამიტომ ვამბობთ, რომ ერთ ჰექტარზე პირდაპირი ფინანსური დახმარება გაიზომება, ეს იქნება 435 ლარი ჰექტარზე, დარეგისტრირებული მიწის ფერმერის პირობებში, ხოლო არაპირდაპირი იქნება 1000 ლარზე მეტი,“ – განაცხადა პრემიერმა.