გიორგი გახარია - განათლების სისტემის მისია უნდა იყოს კონკურენტუნარიანი თაობის გაზრდა, რომლისთვისაც წარმატებული თვითრეალიზაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, იქნება მიღწევადი მიზანი
განათლების სისტემის მისია უნდა იყოს კონკურენტუნარიანი თაობის გაზრდა, რომლისთვისაც წარმატებული თვითრეალიზაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, იქნება მიღწევადი მიზანი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, კითხვა-პასუხის რეჟიმში განაცხადა, რომელზეც დღეს კენჭს უყრიან მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.
პრემიერმა ყურადღება განათლების ექსპორტზე გაამახვილა.
„განათლების სისტემის მისია უნდა იყოს კონკურენტუნარიანი თაობის გაზრდა, რომლისთვისაც წარმატებული თვითრეალიზაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, იქნება მიღწევადი მიზანი, რაშიც ჩვენ დღეს გარკვეული პრობლემები გვაქვს და როდესაც ვამბობთ, რომ ადამიანური კაპიტალის განვითარება არის უაღრესად დიდი გამოწვევაც და დიდი მიზანიც, ვამბობთ, რადგან რესურსულად საკმაოდ ღარიბი ქვეყანა ვართ და ჩვენი ყველაზე დიდი რესურსი არის ადამიანური კაპიტალი. ამ ადამიანურ კაპიტალში ჩვენ თუ სერიოზულ დროს, ფინანსურ და ყველანაირ რესურსს არ ჩავდებთ, საბოლოო ჯამში, გლობალურ კონკურენციაში წავაგებთ, რადგან თითოეული ჩვენი მოქალაქე წააგებს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საგანმანათლებლო სისტემა და მთლიანად ეს რეფორმა მიმართული იყოს ჩვენი თაობებისკენ და აქ არ არის საუბარი მხოლოდ ახალგაზრდებზე, ვინაიდან ბევრ სფეროში ადამიანების გადამზადება და სწავლა დღეს თანამედროვე ეპოქაში, საერთოდ ასაკთან ნაკლებად არის დაკავშირებული და ადამიანები სწავლობენ მთელი ცხოვრების განმავლობაში, ამიტომ ეს ინფრასტრუქტურა ჩვენ აუცილებლად უნდა შევქმნათ და ამაზე უნდა იყოს პირველ რიგში გამიზნული ჩვენი განათლების რეფორმა. განათლების ექსპორტს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, იქ სადაც ამის რესურსი გვაქვს და ჩვენ კარგად გვესმის ყველას, რომ საკმაოდ სპეციფიურ დარგებში გვაქვს, პირველ რიგში ეს არის ჯანდაცვა და სამედიცინო განათლება. ეს გამოსაყენებელია. მიუხედავად იმისა, რომ ეს კერძო სექტორია ფაქტობრივად და მთავრობას და განათლების ექსპორტს ამ ნაწილში რეალურად დამოკიდებულება აქვთ როგორც ბიზნესს და მთავრობას, ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ამ ხალხს მივეხმაროთ. თუნდაც პანდემიის პირობებში ყველაფერი გავაკეთეთ, რომ სტუდენტების ჩამოყვანა არ ყოფილიყო რთული. დისტანციური განათლება იმ სფეროში, სადაც ჩვენ ექსპორტის კარგი მაჩვენებელი გვაქვს, საკმაოდ რთულია, სამედიცინო სფეროში ეს საკმაოდ რთულია. სხვა სფეროებში, სადაც დისტანციური განათლება უკეთესად მუშაობს, დამეთანხმებით იქ კონკურენცია აბსოლუტურად გლობალურია და ცოტა ჯერ კიდევ გვიჭირს. საერთოდ, განათლების ექსპორტი არის უაღრესად მნიშვნელოვანი და საინტერესო ეკონომიკის სფერო, სადაც ჩვენ შეგვიძლია როგორც ჩვენი ადგილობრივი ბიზნესი, ისე უცხოური ინვესტიციების ნაწილში მოვიზიდოთ და ამას ყურადღება უნდა მივაქციოთ. ვემუშავებით, როგორც ბიზნესს. სახელმწიფო, აქ როგორც ოპერატორი ვერ შევა, თუმცა საკანონმდებლო ჩარჩოები, რომ მათ ცოტა უკეთესად იგრძნონ თავი, ამას ვეხმარებით,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.