გიორგი გახარია - განათლების სამინისტრომ შეძლო ძალიან სწრაფად მობილიზება და დისტანციური ონლაინ-გაკვეთილების დანერგვა
გლობალური პანდემია არ არის ერთი და ორი თვის გამოწვევა – ეს არის გამოწვევა, რომელთან ერთად ცხოვრება მოგვიწევს, როგორც მინიმუმ, თვეები. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ეხება განათლების სფეროსაც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განათლების სფეროსთან დაკავშირებულ პრეზენტაციაზე განაცხადა.
„დღეს ჩვენი საუბრისა და განხილვის თემა გახლავთ ანტიკრიზისული გეგმა განათლების სფეროში. ჩვენ უკვე წარვუდგინეთ საზოგადოებას ანტიკრიზისული გეგმა, როგორც ტურიზმის, ასევე სოფლის მეურნეობის მიმართულებით და ამით განვაცხადეთ ჩვენი პრიორიტეტები. მიუხედავად ჩვენი გეგმებისა, დღეს საზოგადოებისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა გახლავთ „კოვიდ-19“.
დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა 19 ადამიანით. რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს – გლობალური პანდემია არ არის ერთი და ორი თვის გამოწვევა. ეს არის გამოწვევა, რომელთან ერთად ცხოვრება მოგვიწევს, როგორც მინიმუმ, თვეები. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ეხება განათლების სფეროსაც“, – აღნიშნა პრემიერმა.
მისი თქმით, განათლების სფეროში შესაბამისი ნაბიჯები მალევე გადაიდგა.
„განათლებაში გადავდგით ძალიან ადრე ნაბიჯები, რომლებიც აუცილებელი იყო იმისთვის, რომ სკოლებში შეგვემცირებინა ინფიცირებულთა რაოდენობა და 4 მარტიდან სკოლებში განათლების პროცესი შეწყდა. ეს იყო კრიტიკულად მნიშვნელოვანი, არა მხოლოდ განათლების სფეროში ინფიცირების შესაჩერებლად, არამედ მთლიანად საზოგადოებაში. თუმცა ამის შემდეგ, განათლების სამინისტრომ შეძლო ძალიან სწრაფად მობილიზება და დისტანციური ონლაინ-გაკვეთილების დანერგვა და ამან თავისი შედეგი გამოიღო“, – განაცხადა პრემიერმა.