გიორგი გახარია - განათლება და ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა არის სფერო, რითაც ჩვენ გავხდებით ევროპული თანამეგობრობის ღირსეული წევრი
ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია სამეგრელოში ვიზიტისას, სენაკის ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიას ესტუმრა, სადაც დაესწრო კონფერენციას „გამოცდილების გაზიარება თანამედროვე სკოლის განვითარებისთვის“.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, მხოლოდ და მხოლოდ – განათლება და ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა არის სფერო, სადაც ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს იმედი, რომ ევროპული სახელმწიფოების ღირსეული წევრი გახდება.
„ჩვენი ქვეყნის ათი საუკეთესო მასწავლებლიდან ერთი გახლავთ ამ სკოლის, სენაკის მასწავლებელი, რომლის მიღწევებიც ქვეყნის მასშტაბით იქნა აღიარებული. მე მახსოვს სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა ზუგდიდში, სულ რაღაც წელიწადნახევრის წინ, როდესაც მათი ინოვაციური პროექტი წარადგინეს. ეს ის ბავშვები არიან, რომლებმაც ნასაშიც დამსახურებული აღიარება ჰპოვეს. ვფიქრობ, რომ მაშინ, როდესაც ეკლესია და სახელმწიფო მსგავს უწყებებთან თანამშრომლობენ ისე ეფექტურად, როგორც ეს ხდება აქ, სენაკში, ამ კონკრეტულ სკოლაში, რა თქმა უნდა, ეს არის ღირსშესანიშნავი მიღწევა ორივე ინსტიტუციისათვის. ჩვენი ახალგაზრდების განვითარება, მათი ცოდნა, მათი კომპეტენცია შეიქმნება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენი ტრადიციები, ჩვენი ეკლესია და ამ ახალგაზრდების ინოვაციური მისწრაფებები იქნება გაერთიანებული. მე მინდა, ამ სკოლას, სენაკს, სამეგრელოს და მთლიანად საქართველოს ვუსურვო, რომ მაქსიმალურად მეტი მსგავსი სკოლა იყოს, იმიტომ რომ, ეს არის იმ სინერგიის ძალა, რომელმაც ჩვენ წარმატებული ახალგაზრდები უნდა მოგვცეს. მხოლოდ და მხოლოდ – განათლება და ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა არის სფერო, სადაც ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ გარღვევას, სადაც ჩვენს ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს იმის იმედი, რომ ჩვენ გავხდებით ევროპული სახელმწიფოების, თანამეგობრობის ღირსეული წევრი”, – განაცხადა გახარიამ.