საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ნებისმიერ პირს, რომელსაც ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან რაიმე შემხებლობა აქვს, გამოძიების შედეგად, შეიძლება, სტატუსი შეეცვალოს.
„რა თქმა უნდა, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ შესაბამისად შეფასდება სკოლის ადმინისტრაციისა და ასევე მანდატურების სამსახურის მოქმედების ეფექტურობა. გამოძიების შედეგად, რა თქმა უნდა, როგორც სტატუსი, ასე შეფასებები შესაძლებელია, რომ შეიცვალოს“, – აღნიშნა გახარიამ.
მისივე თქმით, ამ მომენტისთვის, ამოღებულია ორი ცივი იარაღი.
„ეს არის ფაქტი, რომელიც ჩვენ გვაქვს. ჩვენი ინფორმაციით, ამ საქმეში ფიგურირებდა ორი იარაღი და ორივე ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ამ მომენტისთვისაც მიმდინარეობს.
„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ყველა პირი, ვისაც რაიმე შემხებლობა ჰქონდა ამ ტრაგედიასთან, იქნება ობიექტურად და სამართლიანად დასჯილი“, – განაცხადა მინისტრმა.