გიორგი გახარია გადამზიდავი კომპანიის მფლობელებს მოუწოდებს, ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან და საკოორდინაციო შტაბთან მჭიდროდ ითანამშრომლონ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გადამზიდავი კომპანიის მფლობელებს მოუწოდებს, მჭიდროდ ითანამშრომლონ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან და საკოორდინაციო შტაბთან.
ამის შესახებ პრემიერმა დღეს პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება.
პრემიერმა აღნიშნა, რომ დღეს საქართველოში არის რვა ახალი კოვიდინფიცირებული, აქედან ექვსი ადამიანი არის კარანტინის ზონიდან და ორი – სატვირთო მანქანების მძღოლები.
„მინდა, პირველ რიგში, გადამზიდავი კომპანიის მფლობელებს, ხელმძღვანელებს მოვუწოდო, რომ მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან და საკოორდინაციო შტაბთან, დღეს, როგორც ვხედავთ, ნათელია, რომ მძღოლები, რომლებიც სატრანზიტო ფუნქციას ასრულებენ, არიან ყველაზე მაღალი რისკის შემცველები და მათი კონტროლი, პარალელურად, რომ მათ შრომა არ გააჩერონ, გააგრძელონ მუშაობა, არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი დღეს ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.