გიორგი გახარია - „ფიტჩის“ რეიტინგის შენარჩუნება ძალზე ძლიერი მესიჯია საერთაშორისო გარემოსთვის, რომ საქართველოს ეკონომიკა ჯანსაღია
„ფიტჩის“ რეიტინგის შენარჩუნება არის ძალზე ძლიერი მესიჯი საერთაშორისო გარემოსთვის, რომ საქართველოს ეკონომიკა ჯანსაღია და სწრაფი აღდგენის პერსპექტივები აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა საკმაოდ ეფექტიანად ებრძვის პანდემიას, ვირუსის გავრცელებას, ეკონომიკური კრიზისი მაინც ყოველდღიურობის სერიოზული კომპონენტი რჩება.
„ეკონომიკური კრიზისის მიმართულებით მუშაობა, ბრძოლა ერთობლივად მოგვიწევს რამდენიმე წლის განმავლობაში, რომ ეკონომიკის შესანიშნავი მაჩვენებლები, რომლითაც დავიწყეთ 2020 წელი და 2019 წელი დავასრულეთ, რაც შეიძლება სწრაფად აღვადგინოთ. აქ უნდა გვახსოვდეს ერთი რამ, კრიზისთან ბრძოლა არის კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ გავაგრძელოთ სტრუქტურული რეფორმები ეკონომიკის. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, სწრაფად გამოვიდეთ და გამოვიყენოთ ეს კრიზისი, როგორც შესაძლებლობა, თითოეული ჩვენი ბიზნესმენის, მეწარმის, ქართული ეკონომიკისთვის. ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ამ რეფორმებისა და ანტიკრიზისული გეგმების განხორციელების დროს, ჩვენი ძირითადი მიზანი არის ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობა, რაც აღნიშნული იყო საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების მიერ გლობალური კრიზისის პირობებში. სააგენტო „ფიტჩის“ მიერ, საქართველოს რეიტინგი იქნა შენარჩუნებული უცვლელად ხაზგასმით ვამბობ, გლობალური კრიზისის პირობებში. ასეთი ქვეყნები ბევრი არ არის, რაც პირდაპირ ადასტურებს საქართველოს მთავრობისა და ხელისუფლების გონივრულ, ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც შევიმუშავეთ ჩვენს საერთასორისო პარტნიორებთან ერთად“, – განაცხადა პრემიერმა.
გიორგი გახარიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პოსტკრიზისული ეკონომიკური ზრდის პირობებში, საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო პოზიციები ჰქონდეს.
„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ „ფიტჩის“ პროგნოზით, ეკონომიკური ვარდნა 2020 წელს, გვექნება დაახლოებით 4,8 პროცენტი, ხოლო 2021 წლიდან „ფიტჩი“ პროგნოზირებს უკვე პოზიტიურ მაჩვენებლებს ეკონომიკური ზრდის 4 და 5 პროცენტის ფარგლებში. აქ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ეს კრიზისი უნდა გამოვიყენოთ, როგორც შესაძლებლობა. მიზანი მარტივია. მაქსიმალურად უნდა შევძლოთ შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები და ეკონომიკა მოვამზადოთ, გვყავდეს ისეთ ფორმაში, როდესაც პოსტკრიზისული ეკონომიკური ზრდის პირობებში, საქართველოს ჰქონდეს ერთ-ერთი საუკეთესო პოზიციები. მნიშვნელოვანია, ანტიკრიზისულ ღონისძიებებთან ერთად, არ დაგვავიწყდეს ეკონომიკის სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება, რომ საინვესტიციო და ბიზნესგარემო ქვეყანაში იყოს კიდევ უკეთესი. ხაზგასმით ვამბობთ, რომ „ფიტჩის“ რეიტინგის შენარჩუნება არის ძალზე ძლიერი მესიჯი საერთაშორისო გარემოსთვის, რომ საქართველოს ეკონომიკა ჯანსაღია და აქვს სწრაფი აღდგენის პერსპექტივები“, – განაცხადა გახარიამ.
გავლენიანმა სააგენტომ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და რეიტინგის პერსპექტივა უცვლელად „ბიბი“ დონეზე, ნეგატიური პერსპექტივით დატოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ პანდემიის პირობებში ქვეყნის ეკონომიკა სწორი მიმართულებით ვითარდება. ანგარიშის მიხედვით, გაუარესდა ისეთი წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნების რეიტინგი, როგორიცაა იაპონია, ისლანდია, ამერიკის შეერთებული შტატები და სხვები.