გიორგი გახარია - ფინანსთა სამინისტროს გაუმჯობესებული აქვს მუშაობა, რაც უახლოეს მომავალში ეკონომიკაზე აისახება
ფინანსთა სამინისტროს ბევრი მიმართულებით გაუმჯობესებული აქვს მუშაობა, რაც უახლოეს მომავალში აისახება კიდევაც ეკონომიკაზე, – განუცხადა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ფინანსთა სამინისტროს საქმიანობის ანგარიშის შემდეგ.
„ანგარიშის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო საჯარო ფინანსების მართვა. ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია ბიუროკრატიის ხარისხის, ასევე ჩვენთან ეკონომიკური მდგომარეობის სწრაფი განვითარებისთვის. ასევე მნიშვნელოვანია ფისკალური პოლიტიკის ნაწილი, რაზეც ბევრი ისაუბრა დღეს მინისტრმა. რა თქმა უნდა, მაკროეკონომიკური სტაბილურობის ძირითადი შემადგენელი მდგენელებია ეს ფაქტორები. აშკარად ჩანს, რომ მაჩვენებლებით ფინანსთა სამინისტროს როგორც მართვის ნაწილში, ასევე რისკების მართვის, ვალის მართვის, ბევრი მიმართულებით გაუმჯობესებული აქვს თავისი მუშაობა და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს უახლოეს მომავალში აისახება კიდევაც ეკონომიკაზე. მაგალითად, როგორც დღეს უკვე ცნობილი გახდა, ჩვენ გვაქვს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში ზრდა, ეს არის რეინვესტიცირების ნაწილში ძირითადი ზრდა.
რამდენიმეჯერ ვთქვით და გავიმეორებ, ძირითადი ამოცანა და გამოწვევა სამუშაო ადგილებია. ეს არის ძირითადი გამოწვევა ეკონომიკის და ყველა უწყება, ფინანსთა სამინისტრო და სხვა სამინისტროები მუშაობენ, რომ ქვეყანაში იყოს ძლიერი ბიზნესი და ძლიერმა ბიზნესმა შექმნას მაქსიმალური ახალი სამუშაო ადგილები“, – აღნიშნა გახარიამ.