გიორგი გახარია - ფასეულობების დონეზე, რასაც აკეთებენ პედაგოგები, მედიკოსები, პოლიციელები, განსაკუთრებით გორში, როდესაც საოკუპაციო ხაზთან ვდგავართ, აქვს კრიტიკული მნიშვნელობა
ის სახელმწიფო სერვისები, სახელმწიფოს ფუნქციები, რომელსაც ატარებენ პედაგოგები, მედიკოსები და პოლიციელები არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ შიდა ქართლის რეგიონის პედაგოგებთან შეხვედრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, ეს არის ის სახელმწიფო სერვისების ინფრასტრუქტურა, რომელიც თითოეულ მოქალაქეს აძლევს საშუალებას, მშვიდ გარემოში, როგორც თვითგამორკვევის, გამოჩენის, თვითრეალიზაციის, ასევე წყნარად, მშვიდად ცხოვრების, ყოველდღიური საქმიანობის საშუალებას და ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი.
„ბოლო პერიოდში ძალიან გვაკრიტიკებენ ბიუჯეტის შედგენის გამო, სადაც ძალიან მკაფიოდ განვსაზღვრეთ რამდენიმე ფუნდამენტური პრიორიტეტი. ეს პრიორიტეტი არის პირველ რიგში ბავშვები, ახალგაზრდა თაობა, ასევე ჩვენი პენსიონერები, რომლებიც ძალიან ღვაწლმოსილი ადამიანები არიან. სახელმწიფო აპარატი, რომელიც ამ სოციალურ ჯგუფებს ემსახურება, რა თქმა უნდა პირველ რიგში ეს არიან მასწავლებლები, მეორე რიგში ჩვენი მედიკოსები და რა თქმა უნდა ყველაფერს ამას კრავს პოლიცია, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ფასეულობების დონეზე, იმას რასაც აკეთებენ პედაგოგები, მედიკოსები, პოლიციელები, განსაკუთრებით გორში, მაშინ, როდესაც საოკუპაციო ხაზთან ვდგავართ, ამას აქვს კრიტიკული მნიშვნელობა.
„რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ ბევრი სხვა მსხვილი სოციალური ჯგუფები გვყავს, რომელიც მისახედია. უაღრესად დასაფასებელია სახელმწიფო მოხელეების სხვადასხვა სფეროებსა და სხვადასხვა დარგებში ფუნქციონირება და მათი ღვაწლი. უაღრესად მნიშვნელოვანია ეკონომიკის სხვადასხვა სფეროებში მომუშავე ადამიანების, მათ შორის ბიზნესში, სადაც სამუშაო ადგილებს ქმნიან, თუმცა ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ფასეულობების დონეზე, იმას რასაც აკეთებენ პედაგოგები, მედიკოსები, პოლიციელები, განსაკუთრებით გორში, მაშინ, როდესაც საოკუპაციო ხაზთან ვდგავართ, ამას აქვს კრიტიკული მნიშვნელობა. ამიტომ, ვიწყებთ გორით და ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ, ერთმანეთის არ უნდა მოგვერიდოს. არ ვარ მე ის ადამიანი, რომ მწვავე კრიტიკის ან შეკითხვის ან მოგვერიდოს, ან გაგვაბრაზოს, ან შეგვაშინოს. ამ ურთიერთობის ფასი არის სწორედ იმაში, რომ აბსოლუტურად ღიად, გულწრფელად ვთქვათ ის, რაც გვაწუხებს. შეიძლება ჩვენს სფეროს ცდებოდეს კიდევაც. არ აქვს ამას არანაირი მნიშვნელობა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ყველა გასვლა რეგიონებში დაიწყება პედაგოგებით, გაგრძელდება მედიკოსებით, შემდეგ პოლიციით, შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლებით და სხვადასხვა ჯგუფებით.
„ამას არ აქვს მიზანი გარდა იმისა, რომ უკეთესად და პირდაპირ თქვენგან შევიგრძნოთ რა ხდება რეგიონში. როგორ მუშაობენ ბატონები, რა სპეციფიური პრობლემები არის ამ დარგში, ამ რეგიონში. ხშირ შემთხვევაში, მარტივი გადასაწყვეტი პრობლემებისგან ვქმნით დიდ საფრთხეს, რომელიც შეიძლება ერთი სატელეფონო საუბრით, სწრაფად გადაწყდეს. არ გვაქვს ჩვენ ბევრი დრო. სამწუხაროდ, ან საბედნიეროდ, დღეს ვართ ჩვენ იმ ეტაპზე, როდესაც დრო და ეფექტურობა ყველაზე მნიშვნელოვანია. ხარისხი უკვე მეორე ადგილზეა. იმედი მაქვს რომ შევძლებ პასუხების გაცემას თქვენს მწვავე კითხვებზე და დაგანახოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ყველანაირი ზედმეტი პირფერობის გარეშე თითოეული ადამიანის ღირსების, მისთვის კომფორტული, მშვიდი პირობების შექმნა და ის, რომ ყოველდღიურად იზრუნოს პირველ რიგში თავის ოჯახზე, შემდგომ ქვეყანაზე, პროფესიაზე და ასე შემდეგ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.