გიორგი გახარია - ფაქტობრივად, ქვეყანაში სრულმასშტაბიანი შიდა გავრცელების ეტაპზე გადავედით
ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანა სრულმასშტაბიანი შიდა გავრცელების ეტაპზე გადავიდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ხვალ, 15 აპრილიდან, 21:00-საათიდან, ოთხ დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებით შესვლა და გამოსვლა აიკრძალოს 10 დღით.
„ჩვენ ამ ნაბიჯით მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მსხვილ ქალაქებში მობილურობის დოზა კიდევ უფრო ქვევით დავწიოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, დღეს შეუძლებელია ზუსტი პროგნოზი, როდის იქნება გავრცელების პიკი
„ჩვენ ყველანი ერთად შევთანხმდით, რომ Covid-19 არის გლობალური გამოწვევა. ეს არის უმძიმესი კრიზისი, როგორც თითოეული მოქალაქისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნის ინსტიტუტებისთვის და, რა თქმა უნდა, ეკონომიკისთვის. დღეს, ჩვენ, სამწუხაროდ, შეგვიძლია მოვახდინოთ ფაქტის კონსტატირება, რომ გვაქვს პირველი შემთხვევა, როდესაც ერთი დღის განმავლობაში გვყავს 30 ინფიცირებული ადამიანი. დღეის მდგომარეობით, კვლევა მიმდინარეობს დაახლოებით 500 ადამიანზე და, ფაქტობრივად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში სრულმასშტაბიანი შიდა გავრცელების ეტაპზე გადავედით. კარანტინის ის მძიმე ზომები, რომლებიც თითქმის ყოველკვირეულად ქვეყანაში მატულობს, ამ ფაქტს ადასტურებს.
ამასთან ერთად, უნდა მოვახდინოთ იმ ფაქტის კონსტატირებაც, რომ დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მადლობა უნდა ვუთხრათ ჩვენს ეპიდემიოლოგებს, მეცნიერებსა და ექიმებს, ზუსტად ვერავინ გვეუბნება, როდის იქნება კრიზისის და გავრცელების პიკი. ეს არ ხდება მხოლოდ საქართველოში, ეს არის გლობალური გამოწვევა. დღეს შეუძლებელია ზუსტი პროგნოზი, როდის იქნება გავრცელების პიკი. რა თქმა უნდა, გაურკვევლობის ამ ზონაში, მთავრობის ყველა ნაბიჯსა და მოქმედებას აქვს კიდევ უფრო მეტი ფასი და მნიშვნელობა“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება.