გიორგი გახარია - ფაქტია, რომ ჩვენი განათლების სისტემა დღეს არ არის მზად, დისტანციურად სრულფასოვანი განათლება მისცეს ბავშვებს
ის, რომ დისტანციურად ჩვენი განათლების სისტემა დღეს არ არის მზად, სრულფასოვანი განათლება მისცეს ჩვენს ბავშვებს, ეს ფაქტია და აქ თავი არ უნდა მოვიტყუოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ „ღამის კურიერში“ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, განათლების სამინისტრო წარმოადგენს კონკრეტული გეგმას, თუ როგორ უნდა აღადგინონ დანაკლისი სასწავლო დაწესებულებებმა.
„ჩვენთვის, ხელისუფლებისთვის ძირითადი პრიორიტეტი არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ბავშვების. განათლების სამინისტრო დღეის მდგომარეობით ამბობს, რომ 26 აპრილამდე სასწავლო პროცესი თუ არ განახლდა სკოლებში, უკვე მთლიანად წლის სასწავლო პროცესი დგება კითხვის ნიშნის ქვეშ, იქ არის გარკვეული სტანდარტები. განათლების სამინისტროს აქვს მიღებული დავალება იმისთვის, რომ უახლოეს დღეებში წარმოადგინოს გეგმა. ეჭვი მეპარება, რომ 26 აპრილამდე ჩვენ სრულად შევძლებთ სასწავლო პროცესის აღდგენას, თუმცა, გარკვეული იმედი ამის მაინც რჩება. განათლების სამინისტროს დავალება დღეს მდგომარეობს იმაში, რომ წარმოადგინოს კონკრეტული გეგმა ეს დანაკლისი როგორ უნდა აღდგეს, ეს არის ამოცანა. ის, რომ დისტანციურად ჩვენი განათლების სისტემა დღეს არ არის მზად სრულფასოვანი განათლება მისცეს ჩვენს ბავშვებს, ეს ფაქტია და აქ თავი არ უნდა მოვიტყუოთ. შეიძლება ცალკე აღებული სკოლები უფრო მომზადებულები არიან ვიდრე სხვები, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ძალიან ბევრი ბავშვი გვყავს რეგიონებში, სადაც უბრალოდ ელემენტარულ ინტერნეტზე წვდომა არის პრობლემა და ამიტომ აქაც ძალზედ ადეკვატურად უნდა შევაფასოთ სად ვართ და რისი შესაძლებლობები გვაქვს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.