გიორგი გახარია - ფაქტი რჩება ფაქტად, არ არსებობს ინფიცირებული, რომელმაც ვერ მიიღო სტაციონარული დახმარება, ამიტომ არის გამოჯანმრთელებულების ასეთი რაოდენობა და დაბალი ლეტალური კოეფიციენტი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ კლინიკები ეტაპობრივად ერთვებოდნენ კორონავირუსთან ბრძოლაში, ეს იყო გააზრებული გეგმა და ჯანდაცვის სამინისტრომ მართა სიტუაცია ისე, რომ არ დარჩენილიყო არც ერთი ადამიანი სტაციონარული დახმარების გარეშე.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც კორონავირუსთან დაკავშირებით გაწეული საქმიანობის ანგარიშს წარადგენს.
„ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ვინც რა უნდა ილაპარაკოს, ფაქტი რჩება ფაქტად, რომ ქვეყანაში არ არსებობს არც ერთი „კოვიდით“ ინფიცირებული, რომელმაც არ ან ვერ მიიღო სტაციონარული დახმარება.
ეს არის ერთადერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი იმისა, თუ რატომ გვყავს ჩვენ სწრაფად გამოჯანმრთელებულების ამხელა რაოდენობა და რატომ არის ლეტალური კოეფიციენტი ჩვენთან ასეთი დაბალი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.