გიორგი გახარია ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შეხვდა
გიორგი გახარია ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შეხვდა.
პარტია „საქართველოსთვის“ ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა იყო ევროკავშირთან თანამშრომლობის მიმართულებით იმ საკითხების პრაქტიკული აღსრულების ეტაპზე გადასვლა, რომლებიც გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის დროს განისაზღვრა და შეთანხმდა.
მათივე ინფორმაციით, ეს არის ევროკავშირთან ფიზიკური საკომუნიკაციო და სატრანსპორტო დაკავშირების, ეკონომიკური თანამშრომლობის მექანიზმების გაძლიერების კუთხით დასახული კონკრეტული გეგმები და მათი პრაქტიკული რეალიზაცია. მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს დღეის მდგომარეობით მიღწეული პროგრესი და ის კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც სამომავლოდ დამატებით უნდა გადაიდგას. გიორგი გახარიამ დეტალურად ისაუბრა ამ კონტექსტში პარტია „საქართველოსთვის“ მიერ უკვე შემუშავებულ რეფორმათა მთელ ჯაჭვზე და ამ რეფორმების დღის წესრიგზე, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროკავშირში ეტაპობრივი ინსტიტუციური ინტეგრაციისთვის.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი შავი ზღვის ფართო რეგიონში.
გიორგი გახარიამ ევროკომისარს ახალ ამპლუაში გააცნო მისი და ახლად დაარსებული პარტია „საქართველოსთვის“ დასახული სტრატეგიული მიზნები და დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნებისთვის არსებული გეგმები.
შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოში მტკიცე ინსტიტუციური დემოკრატიზაციის პროცესის გაძლიერების და ამ კუთხით სამომავლოდ თანამშრომლობის აუცილებლობას. მხარეებმა ასევე იმედი გამოთქვეს სამომავლო თანამშრომლობაზე, მათ შორის ახლო მომავალში კიდევ ერთ შეხვედრაზე.