გიორგი გახარია - ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ეს არის საქართველოს მოქალაქეების არჩევანი
ნატო-სთან თანამშრომლობა ყველა ფორმატში, ალიანსის სრულფასოვან წევრობამდე ეს იქნება საქართველოს ნებისმიერი მთავრობის პრიორიტეტი ნომერი ერთი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელზეც დღეს კენჭს უყრიან.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ეს არის საქართველოს მოქალაქეების არჩევანი და ამ არჩევანს ისინი წლების განმავლობაში ადასტურებენ სხვადასხვა გამოკითხვებში.
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ეს არის ჩვენი მოქალაქეების არჩევანი, ამ არჩევანს წლების განმავლობაში ადასტურებენ ჩვენი მოქალაქეები სხვადასხვა გამოკითხვების თვალსაზრისით. ყველაზე მნიშვნელოვანი აქ გახლავთ ის, რომ ეს არის ჩვენი მოქალაქეების ფასეულობებზე დაფუძნებული არჩევანი. ეს არის ის, რაც ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას, ვთქვათ, რომ ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, მიმართულება, არჩევანი არის შეუქცევადი.
ამიტომ, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ნატო-სთან თანამშრომლობა ყველა ფორმატში, ალიანსის სრულფასოვან წევრობამდე ეს იქნება საქართველოს ნებისმიერი მთავრობის პრიორიტეტი ნომერი ერთი. ვგულისხმობ ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ თანამშრომლობაში საქართველომ შეიძინოს სულ უფრო და უფრო მეტი მნიშვნელობა სხვადასხვა განზომილებაში. დღეისთვის ასეთი აქტუალური განზომილება გახლავთ შავი ზღვის უსაფრთხოება და ქვეყნის ფუნქცია უსაფრთხოების განზომილებაში, ფართოდ, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების არქიტექტურაში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.