გიორგი გახარია - ევროპოლში ვისაუბრებთ კონკრეტულ მექანიზმებზე, რაც იქნება სერიოზული არგუმენტი ვიზალიბერალიზაციის გამოწვევებზე საპასუხოდ
გიორგი გახარია - ევროპოლში ვისაუბრებთ კონკრეტულ მექანიზმებზე, რაც იქნება სერიოზული არგუმენტი ვიზალიბერალიზაციის გამოწვევებზე საპასუხოდ

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, საერთაშორისო კონფერენციის – „ქალები პოლიციაში“ გახსნის შემდეგ, საქართველოში გერმანიის მთავრობის დელეგაციის ვიზიტი შეაფასა და ევროპოლში კვირის  ბოლოსთვის დაგეგმილი თავისი ვიზიტის შესახებ ისაუბრა.

„შეჩერების მექანიზმის ამოქმედებაზე არ იქნება საუბარი. ეს გახლავთ ტექნიკური მისია. ტექნიკურ მისიასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროში, ისევე, როგორც სხვა უწყებებში, საუბარი იქნება იმ ღონისძიებებზე, რომლებსაც საქართველოს მთავრობა გეგმავს, რათა ამ გამოწვევას შესაბამისად ვუპასუხოთ. ძირითადი პრობლემური საკითხი ეს არის  თავშესაფრის მოთხოვნის რაოდენობის ზრდა გერმანიასა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. ეს არის ის ტექნიკური შეხვედრა, რომელზეც ტექნიკურ ღონისძიებებზე იქნება საუბარი. ამ ღონისძიებებს საქართველოს მთავრობა უახლოეს პერიოდში განახორციელებს. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ კვირის ბოლომდე ჩვენ გვექნება ვიზიტი ევროპოლში, სადაც უკვე კონკრეტულ მექანიზმებზე ვისაუბრებთ, ოპერატიულ დონეზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ, რაც  ასევე, იქნება ძალზე სერიოზული არგუმენტი ამ გამოწვევებზე საპასუხოდ. უნდა გვესმოდეს ერთი რამ, როგორც ჩვენი ევროპელი კოლეგები,  ჩვენც გარკვეული რაოდენობის ზრდას ველოდით. აბსოლუტურ ციფრებში ეს არაა დიდი რაოდენობა, თუმცა პროცენტული ზრდის ტენდენცია არსებობს. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, ნაწილობრივ გაცხადებული, რომელსაც პრევენციის ძალა ექნება, რამეთუ ამ გამოწვევას ყველამ ერთად  ვუპასუხოთ“, –  განაცხადა გიორგი გახარიამ.