გიორგი გახარია ევროკომისარ ადინა ვალეანთან შეხვედრისას - საქართველოს პრიორიტეტია, სრულად გამოიყენოს შავი ზღვის სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების პოტენციალი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ბრიუსელში ტრანსპორტის სფეროში ევროკომისარ ადინა ვალეანს შეხვდა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობაზე ეკონომიკისა და ტრანსპორტის სფეროში. აღინიშნა ის შესაძლებლობები, რასაც საქართველოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება აძლევს.
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში საქართველოს შემდეგი ამბიციური სამიზნე ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ეტაპობრივი და სრული წვდომაა.
შეხვედრისას განიხილეს შესაძლო ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება გადაიდგას ევროკავშირთან საქართველოს ფიზიკური დაკავშირებისა და ამ მიზნის მისაღწევად პრაქტიკული ინსტრუმენტების გამოძებნის კუთხით.
ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის კონტექსტში გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს პრიორიტეტია, სრულად გამოიყენოს ეკონომიკური და შავი ზღვის სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების პოტენციალი. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის განვითარებაზე.
პოზიტიურად შეფასდა საერთო საავიაციო სფეროს შესახებ ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული შეთანხმების ამოქმედება, რომელიც ახალ შესაძლებლობებს უხსნის ევროკავშირს სამეზობლოსთან სატრანსპორტო კავშირის დასამყარებლად, რაც რეგიონში წაახალისებს ვაჭრობას და გააძლიერებს ეკონომიკურ ურთიერთობებს.