გიორგი გახარია - ეს ოთხი თვე საკმაოდ ეფექტურად გავიარეთ და შეგვიძლია, არსებული კრიზისი ვაქციოთ ჩვენი ქვეყნის კონკურენტულ უპირატესობად
ეს ოთხი თვე საკმაოდ ეფექტურად გავიარეთ და შეგვიძლია, არსებული კრიზისი ვაქციოთ ჩვენი ქვეყნის კონკურენტულ უპირატესობად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საქართველოს პირველი არხის ეთერში, გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
გიორგი გახარიას თქმით, კრიზისის პერიოდში მიღწეული შედეგი ერთობლივი მუშაობის შედეგია.
„მსგავსი სახის გლობალურ გამოწვევას ცალკე აღებული ვერც ერთი უწყება, უწყება კი არა, ქვეყანაც ვერ გაუმკლავდება. ეს არის გუნდური, კომპლექსური მუშაობა. ეს არ არის მხოლოდ ხელისუფლების მუშაობა, ეს მოქალაქის შრომაც არის, სამოქალაქო სექტორის შრომაც არის, ყველასი ერთად. შესაბამისად, როდესაც დღეს ჩვენ ვუყურებთ იმ შედეგებს, რომელიც გვაქვს და ჩვენი შედეგი თვალსაჩინოა, ეს არ არის ის, რომ ჩვენ პანდემია ან ვირუსი დავამარცხეთ. ჩვენ, უბრალოდ, შევძელით ის, რომ ვაკონტროლოთ ვირუსის გავრცელება ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ქვეყნის მასშტაბით, როგორც დროში, ასევე გეოგრაფიულად. ამას ჰქონდა თავისი მიზეზები, თავისი მოცემულობები, როგორ გავაკეთეთ ეს ჩვენ. მაგრამ ეს იყო ერთობლივი შრომა. როდესაც მე ვამბობ, რომ ასე იქმნება წარმატებული სახელმწიფოები და ასე იქმნება წარმატებული გამოცდილება, კოორდინირებული თანამშრომლობა სახელმწიფოს სხვადასხვა უწყების, სამოქალაქო სექტორის, ჟურნალისტების, ყველასი ერთად, სწორედ ამას ვგულისხმობდი.
აქ შეუძლებელია, ვინმემ, ცალკე აღებულმა გაიმარჯვოს. აქ ხომ კომპლექსური გამოწვევაა. ასევე, ერთი რამ უნდა გვესმოდეს, რომ შეუძლებელია, საქართველომ, ცალკე აღებულმა დაამარცხოს ვირუსი. ეს წარმოუდგენელია, ისევე, როგორც შეუძლებელია, საქართველომ, ცალკე აღებულმა, დააღწიოს თავი ვირუსისგან გამოწვეული გლობალური ეკონომიკური კრიზისიდან. ესეც ჩვენს პარტნიორებთან ერთობლივი შრომის შედეგია. ეს არის ის, რასაც მე ვგულისხმობ, როდესაც ვამბობ, რომ ასე იქმნება წარმატებული სახელმწიფოები. ასე იქმნება წარმატებული სახელმწიფოები სწორედ იმიტომ, რომ თვალსაჩინოა და დღეს ჩემთვის გასაგებია სრულად, რომ პოსტპანდემიური მსოფლიო იქნება სრულიად სხვანაირი. მისი კონკურენტული გარემო იქნება სხვანაირი და საერთოდ, გლობალური კონკურენცია სახელმწიფოთა შორის იქნება სხვანაირი. ჩვენ დღეს, ქართველებს, იმის გამო, რომ ეს ოთხი თვე საკმაოდ ეფექტურად გავიარეთ – ყველაფერი ხომ შედარებითია, შეგვიძლია, ეს კრიზისი გამოვიყენოთ, როგორც შესაძლებლობა და ჩვენი წარმატება მომავალ გლობალურ კონკურენტულ გარემოში ვაქციოთ ჩვენი ქვეყნის კონკურენტულ უპირატესობად, რაც უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის, ყველას ერთობლივი მისწრაფება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.